თეა წულუკიანი: დღეს თუ არ დაკმაყოფილდა ექსტრადირების მოთხოვნა, ხვალ დაკმაყოფილდება
კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს თუ არ დაკმაყოფილდა ექსტრადირების მოთხოვნა, ხვალ დაკმაყოფილდება,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დავით კეზერაშვილის ექსტრადირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
„მთავარ პროკურატურას არ დაუყრია ფარხმალი და სულ რამდენიმდე დღის წინ ჩამოაბრაძანა ბატონო „მასტერა“ იმ ქვეყნიდან, სადაც ის ბრძანდებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ თითოეულ გაქცეულ ადამიანს, რომელზეც საქმეა აღძრული, დღესთუ არა ხვალ, ვიხილავთ საქართველოში. ამისთვის მუშაობა არ შეჩერდება. თუ დღეს რომელიმე სასამართლო ვერ დარწმუნდა საზღვარგარეთ, ხვალ დარწმუნდება“,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ლონდონის სასამართლომ დავით კეზერაშვილი უდანაშაულოდ ცნო და საქართველოში მის ექსტრადირებაზე უარი განაცხადა. სამოტივაციო ნაწილში ნათქვამია, რომ საქართველოში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია და ექსტრადირების შემთხვევაში არსებობდა რისკი, რომ სასამართლო პროცესი პოლიტიკური სპეკულაციისგან თავისუფალი არ იქნებოდა.