თამაზ მეჭიაური არჩევნების თარიღის გადაწევის მომხრეა – “ცოტა მეტ ხელფასს ავიღებდით”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური საპარლამენტო არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თარიღის გადაწევა ჯობდა.
„არჩევნების თარიღის გადაწევა ალბათ ყველას გვაწყობდა, ცოტა მეტ ხელფასს ავიღებდით“,- განაცხადა ნახევრად ხუმრობით დეპუტატმა.
მისივე თქმით, პარლამენტში მოხვედრა, ერთი-ორი კაცის გარდა, გარანტირებული არავის აქვს.
“პრეზიდენტის პრეროგატივაა, არჩევნების დანიშვნა. მთავრობას და პრეზიდენტს, ალბათ, ჰქონდათ კონსულტაციები და მათ თარიღი განსაზღვრეს. ნახევრად ხუმრობით ვიტყვი – თარიღის ცოტა იქით გადაწევა, ალბათ, ყველას გვაწყობდა. გარანტირებული მოხვედრა მომავალ პარლამენტში არავის გვაქვს ერთი-ორი კაცის გარდა, გამომდინარე აქედან, ცოტა მეტ ხელფასს ავიღებდით. ასე რომ, ამ კუთხით შეიძლება ოპოზიციას დავეთანხმო, რომ ცოტა იქით გადაწევა ჯობდა. მარტო ისინი არ დაზარალებულან ამით. ასევე ვეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მეორე ტური რამდენიმეში კი არა, ბევრგან იქნება“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
დეპუტატის მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუკი საარჩევნო სიაში არ მოხვდება, ადეკვატური რეაქცია ექნება. თამაზ მეჭიაურის განცხადებით, საარჩევნო სია ფასეულობების მიხედვით უნდა შედგეს.
როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, პირადად მას „ვალი აქვს ბიძინა ივანიშვილის, ვინაიდან პარლამენტში მან მოიყვანა“. „ასე რომ, მე უფრო მეტი ვალი მქონდა იმ კაცთან, მაქვს და მექნება, ვინც იმ სიაში შემიყვანა. ეს ნორმალური არ არის, ამიტომ ვამბობ, რომ მანდატი ყველას უნდა ჰქონდეს არა ვინმეს ხათრით, არამედ მისი დამსახურებებით“, – დასძინა მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები