ცესკო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველ პარტიებს მიმართავს

ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა სურთ, შესაბამისი პროცედურების დროულად განხორციელებისკენ მოუწოდებს.
როგორც ცესკოში განმარტავენ, პარტიებმა, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობა აქვთ გადაწყვეტილი, მაგრამ არ ჰყავთ წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში, შესაბამისი განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარეს მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე უნდა მიმართონ.
რაც შეეხება რეგისტრაციის პროცედურებს, განაცხადის შეტანის პროცესში, კვალიფიციურმა სუბიექტმა, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში, უნდა წარადგინოს პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 1000 ამომრჩევლის ხელმოწერა, ხოლო პარტიამ, რომელიც არ არის კვალიფიციური სუბიექტი, უნდა წარმოადგინოს სულ ცოტა – 25 000 ამომრჩევლის სია.
ასევე პარტია ვალდებულია, მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები ცესკოს სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში წარუდგინოს, მაგრამ არაუგვიანეს 15 აგვისტოსი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პოლიტიკური პარტია, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს პარლამენტში ჰყავს წარმომადგენელი, ცესკოს თავმჯდომარეს განცხადებით, მიმართავს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57 დღისა.
საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად (113-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი), პარლამენტში პარტიის წარმომადგენლად მიიჩნევა პარლამენტის წევრი, რომელიც შესაბამისი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის (რომელშიც ეს პარტია იყო გაერთიანებული) წარდგენით არის არჩეული. ასევე პარლამენტში პარტიის წარმომადგენლად მიიჩნევა პარლამენტის წევრი, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის პარლამენტში არჩევამდე იმ პარტიის წევრი იყო, რომელი პარტიაც ამ არჩევნებში არ მონაწილეობდა, მაგრამ მისი პარტიის წევრობა მითითებული იყო 2012 წლის პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიის/ბლოკის სიაში და 2016 წლის პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დღისთვის იმავე პარტიის წევრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები