აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში ყარაბაღის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს
მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს.
“არსებული ინფორმაციის ანალიზი გვაძლევს საფუძველს, განვაცხადოთ, რომ ზოგიერთი უცხოური მედია არასწორ შეფასებას აკეთებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ხელს უწყობს საზოგადოებრივი აზრის არასწორად ჩამოყალიბებას. ამასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში კიდევ ერთხელ აცხადებს:
ბოლო დროს სომხეთის მხარე სასაზღვრო ტერიტორიებსა და ფრონტის ხაზზე არაერთ პროვოკაციულ ქმედებას სჩადის. მსგავსი ქმედებების ძირითადი მიზანია, შეინარჩუნოს მოცემული სტატუს-კვო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში და ხელი შეუშალოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესს. ყოველთვის, როგორც კი ჩნდება კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების შანსი საერთაშორისო თანამეგობრობისა და ორგანიზაციების მხრიდან, სომხეთის მხარე პროვოკაციულ ქმედებებს იწყებს.
ამჯერადაც, მათ ცეცხლი გაუხსნეს დასახლებულ პუნქტებს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს. მათ კიდევ ერთხელ გამოიყენეს მხვილკალიბრიანი საარტილერიო შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა. ამის საპასუხოდ, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მსგავსი ქმედებების თავიდან ასაცილებლად დაიპყრო ის სიმაღლეები, რომელიც სომხეთის მხარემ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნის მიზნით გამოიყენა.
გვინდა აღნიშნოთ, რომ აზერბაიჯანი მხარს უჭერს კონლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზას, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე.
ბოლოდროინდელი მოვლენების დროს, აზერბაიჯანულმა მხარემ სამშვიდობო შეთანხმება მხოლოდ იმ მიზნით დაარღვია, რომ უზრუნველყო თავისი მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება. სომეხი პოლიტიკოსები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები სიტუაციას წარმოაჩენენ არარეალურად, ამასთან დაკავშირებით მოგიწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, ინფორმაციის გავრცელებისას დაეყრდნოთ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს”,- ნათქვამია განცხადებაში.