რის თქმას აპირებდა სუს-ის უფროსი დეპუტატებისთვის?

გაზეთი „პრაიმტაიმი“ საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომის ჩავარდნასთან დაკავშირებით, სადაც დეპუტატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის ანგარიში უნდა მოესმინათ, სტატიას აქვეყნებს.
როგორც სტატიის ავტორი წერს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს უხერხული მომენტები არასოდეს აკლდა, თუმცა ის, რაც გასულ კვირას მოხდა, არათუ ქართულ, არამედ მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაშიც ძნელად მოიძებნება,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს პარლამენტში დეპუტატებისთვის ტერორიზმის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები უნდა გაეცნო, თუმცა დეპუტატებმა მისი მოსმენა არ ისურვეს. დეპუტატების საკმარისი რაოდენობა ვერ შეგროვდა და კვორუმი ჩავარდა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მე-7 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს მალე უფლებამოსილების ვადა ეწურებათ, თუმცა როგორც ჩანს, ისინი ჯერაც ვერ აცნობიერებენ იმ პასუხისმგებლობას, რაც მათ ამომრჩევლებმა დააკისრათ. უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უკავშირდება და როგორც თავად გომელაურმა სრულიად ბსამართლიანად შენიშნა, „კეთილი უნდა ენებათ და სხდომაზე გამოცხადებულიყვნენ“.
გაზეთმა „პრაიმტაიმმა“ მკითხველს სუს-ის 2015 წლის ანგარიში გააცნო, რომელიც გომელაურს დეპუტატებისთვის თავად უნდა გაეცნო. ანგარიშში წერია, რომ სუს-ის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა.
ანგარიშის მიხედვით, დღეის მდგომარეობით, სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით საქართველოს 50-მდე მოქალაქე იმყოფება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფლობს ინფორმაციას აღნიშნული პირების შესახებ და, მათი საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებას გაატარებს.
გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია, იმაზეც, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა შეიძინა.
„ისლამისტური იდეოლოგიის გამავრცელებლები ცდილობენ, საზოგადოების გარკვეული ნაწილის დაბალი ცნობიერება მათ სასარგებლოდ გამოიყენონ. ბოლო დროს გავრცელებული ვიდეომიმართვებიც, ერთი მხრივ, გარკვეული აუდიტორიის რადიკალიზებას, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოების დაშინებას ემსახურებოდა.
ამჟამად ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იბრძვის. არიან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მსურველებიც. ტერორისტულ საქმიანობაში მათი ჩართულობა აზიანებს ქვეყნის იმიჯს და საფრთხის შემცველია სახელმწიფო უსაფრთხოებიუსთვის“,- წერია ანგარიშში, სადაც საუბარია იმაზეც, რას აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ტერორისტული საქმიანობის პრევენციისა და აღკვეთის მიზნით.
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სუს-ის უმთავრესი ამოცანა ქვეყნის მიმართ ტერორისტული რისკების შემცირება, სახელმწიფოს, მისი ინტერესებისა და მოქალაქეების ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისგან დაცვაა.
გომელაურის უწყება ირწმუნება, რომ ამ მიმართულებით, უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიება.
„აღნიშნული მიზნად ისახავდა საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათთან დაკავშირებული პირების საქმიანობის გამოვლენასა და აღკვეთას. სამსახურის საქმიანობა, ასევე, მიმართული იყო სირიასა და ერაყში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით ქვეყნის ტერიტორიის სატრანზიტოდ გამოყენების ფაქტების გამოვლენაზე. ხორციელდებოდა ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში მყოფ პირთა აქტიური კონტრტერორისტული ძებნა. აქტიურად ხორციელდებოდა რადიკალური იდეოლოგიის გამავრცელებელ პირთა და ორგანიზაციების ოპერატიული კონტროლი“, – წერია ანგარიშში.
პარლამენტში ჩასული გომელაური დეპუტატებისთვის კონკრეტული ციფრებისა და ბრალდებული პირების მიმართ ინფორმაციის გაცნობასაც გეგმავდა.
საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა გამოძიება ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. წარმომადგენლის, აიუფ ბორჩაშვილის და მისი დაჯგუფების წევრების წინააღმდეგ.
გომელაურის ინფორმაციით, ოპერატიული ღონისძიებები გატარდა აჭარასა და გურიაშიც. შედეგად დადგინდა იმ პირთა ვინაობა, რომელთაც, სავარაუდოდ, ე.წ. ერთგულების ფიცი მისცეს „ისლამურ სახელმწიფოს“. მათ საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს სხვადასხვა ნივთმტკიცება, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები. დაკავებულია 4 პირი. ამ საქმეზე გამოძიება ამჟამადაც გრძელდება.
ანგარიშში, ასევე, ხაზგასმულია ინტერნეტსივრცით რადიკალური იდეოლოგიის პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხები. სუს-ის ცნობით, 2015 წლის ნოემბერში შეიზღუდა წვდომა რადიკალური იდეოლოგიის გამავრცელებელ ვებგვერდებსა და სოციალურ მედიაში დარეგისტრირებულ ჯგუფებზე. გარდა ამისა, პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტით ირკვევა, რომ სუს-ის მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარეობს ტერორისტულ საქმიანობაში ჩართულ პირთა სისხლის სამართლებრივი დევნა, ასევე, საქართველოში დაბრუნებული „ჯიჰადისტების“ პასუხისგებაში მიცემა. ანგარიშში ასევე, ხაზგასმულია საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში სასაზღვრო კონტროლზე დაყენებული იყო რამდენიმე ასეული პირი.
მთლიანობაში კონტრტერორისტული მიმართულებით შსს-სთან თანამშრომლობით, საქართველოს სასაზღვრო კონტროლზე აიყვანეს 1286 პირი, ხოლო 1014 პირს აეკრძალა საქართველოში შემოსვლა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღკვეთილია საქართველოს მოქალაქეთა კონფლიქტის ზონაში გამზგავრების 40 ფაქტი.
ყველა სასაზღვრო-გამტარი პუნტქტი აღჭურვილია ბირთვული და რადიოაქტიური მასალების/ნივთიერებების დეტექტორებით. პერმანენტულ რეჟიმში ხორციელდება საზღვრის მართვაში ჩართული უწყებების თანამშრომელთა ტრენინგი, მათ შორის ყალბი სამგზავრო დოკუმენტების აღმოჩენის სფეროში.
„განხორციელდა ტერორისტული თავდასხმის პოტენციური სამიზნე სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტებისა და მათი დამხმარე შენობა-ნაგებობების პასპორტიზაცია და რისკების ანალიზი. მიმდინარეობდა მაღალი რისკის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების უსაფრთხოების ზომების შეფასებაც.
მუდმივად ხდებოდა ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი სპეცდანაყოფების მომზადება,როგორც ტაქტიკური მოქმედებების,განაღმვითი სამუშაოების, ისე მასობრივი განადგუერების საშუალებების გამოვლენისა და გაუვნებელყოფის კუთხით.
საანგარიშო პერიოდში, ასევე, გაუმჯობესდა ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ტაქტიკური დანაყოფების მატერიალუ-ტექნიკური ბაზა“,- ნათქვამია სუს-ის 2015 წლის ანგარიშში.
ვახტანგ გომელაურის მიერ ამ ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატებს შესაძლებლობა ექნებოდათ მისთვის დამატებითი კითხვები დაესვათ და შესაბამისად, საზოგადოებაც უფრო მეტად ინფორმირებული ყოფილიყო იმ საფრთეებისა და გამოწვევების წინაშე, რომელიც დღეს არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოსთვის აქტუალურია.
„თუმცა ის, რაც მსოფლიოს აწუხებს, როგორც ჩანს, ქართველ კანონმდებლებს სულაც არ აინტერესებთ.
ჩაშლისლი სხდომა მოგვიანებით პოლიტიკური ურთიერთბრალდებების საფუძველი გახდა. ოპოზიცია მმართველ გუნდს სხდომის ხელოვნურ ჩაშლაში ადანაშაულდებდა, თუმცა უცოდველი რომ არც ოპოზიციაა, მათი წარმომადგენლების სიმცირეც მიუთითებდა. როგორც გაირკვა, სხდომას საპარლამენტო ოპოზიციის 60 პროცენტი არ დაესწრო“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები