მუსიკის მასწავლებლების მომზადების პროგრამა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის

დღეს თბილისის კონსერვატორიის წარმომადგენლები და ნორვეგიელი სპეციალისტები წეროვანის ლტოლვილთა ბანაკში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლას ეწვევიან, რომელთანაც კონსერვატორიას ხანგრძლივი საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებს.
სკოლაში ჩატარდება გაკვეთილები მე-6-9 კლასის მოსწავლეებთან, მოხდება მათი შესაძლებლობების მაქსიმალური წარმოჩენა. გაკვეთილების შემდეგ შეხვდებიან პედაგოგებს. მსგავსი შეხვედრა 6 აპრილსაც შედგება.
5 აპრილს მეცადინეობები თბილისის 122-ე საჯარო სკოლაში ჩატარდება. სკოლების პარალელურად გაიმართება შეხვედრები კონსერვატორიის აკადემიურ პერსონალთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ნორვეგიის მუსიკის აკადემიასთან (ოსლო) ერთად ახორციელებს პროექტს სახელწოდებით Bridging the Gap – Qualifying Music Students for a Changing Music Profession, რომელიც 2016 წლის 25 იანვარს ნორვეგიის საერთაშორისო განათლების ცენტრის მიერ (SIU) დაფინანსდა.
პროექტის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს მუსიკის სწავლების დასავლური მეთოდოლოგიის გაცნობა და გაზიარება. პროექტის შედეგად კონსერვატორიაში შეიქმნება საგანმანათლებლო პროგრამა ”მუსიკის პედაგოგიკა” და განხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლისთვის მუსიკის სწავლების დასავლური გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პედაგოგიური პრაქტიკა.
მუსიკის პედაგოგიკის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის მიზანი მუსიკის მოყვარულისა და მსმენელის აღზრდაა. საქართველოში დღემდე არ არსებობს საგანმანათლებლო პროგრამა/სასერტიფიკატო კურსი, რომელიც მეთოდოლოგიურად მოამზადებდა მუსიკის მასწავლებლებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის. საჯარო სკოლების მუსიკის მასწავლებლების მეთოდოლოგიური მომზადებისთვის და ერთობლივი პედაგოგიური პრაქტიკის განსახორციელებლად კონსერვატორიამ შეარჩია 2 სკოლა:
1. წეროვანის ლტოლვილთა ბანაკში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლა; და 2. თბილისის #122 ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლა. ნორვეგიის მუსიკის აკადემია (ოსლო) ერთ-ერთი ლიდერია მუსიკის პედაგოგიკის სფეროში.
იგი გვევლინება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მუსიკის სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვის ერთ-ერთ წარმატებულ ცენტრად როგორც სკანდინავიაში ისე დასავლეთ ევროპაში. კონსერვატორიას მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს ნორვეგიის მუსიკის აკადემიასთან, გააჩნია საერთო ფასეულობები და ხედვა პირველი სასერტიფიკატო კურსის 2017 წლის იანვრიდან გაეშვება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები