იტალიის ხელისუფლება: ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობას ოფიციალური სტატუსი არ ექნება

იტალიის ხელისუფლება არ აღიარებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობას, რომელიც რამდენიმე დღეში რომში უნდა გაიხსნას.
როგორც იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, იტალია ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობას.
რაც შეეხება ე.წ. წარმომადგენლობას, მას არანაირი ოფიციალური სტატუსი არ ექნება.
“ჩვენი ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული წარმომადგენლობის ოფისი მალე რომში გაიხსნება. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იტალია, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნები და გაეროს წევრი ქვეყნების უმრავლესობა, არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. იტალია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რომლის ნაწილია სამხრეთ ოსეთი“, – ნათქვამია იტალიის საგარეო უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „წარმომადგენელმა“ იტალიასა და სან-მარინოში მაურო მურღიამ განაცხადა, რომ რომში ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლობა გაიხსნება. მისი თქმით, ე წ. სამხრეთ ოსეთმა პალესტინის ავტონომიას მიბაძა, რომელიც არ არის აღიარებული, მაგრამ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წარმომადგენლობები აქვს გახსნილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები