საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში დონალდ ტუსკს და ფედერიკა მოგერინის შეხვდა – ფოტოკოლაჟი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აშშ-ი ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს, საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობას და ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს.
გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, კონკრეტულად კი, ტერორისტულ აქტს ბრიუსელში, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სათანადო რეაგირებას საჭიროებს.
საქართველო მხარში უდგას ევროკავშირს და მზადაა გააგრძელოს ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ.
„შეშფოთებული ვარ სწრაფად მზარდ საფრთხეებთან დაკავშირებით. საქართველო, როგორც ევროკავშირის საიმედო პარტნიორი, მოწოდებულია სრულად და საუკეთესო გამოცდილების მიხედვით გამოიყენოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა შესაძლო ინსტრუმენტი, რათა დაუპირისპირდეს ჰიბრიდული ომის ახალ საფრთხეებს, გლობალურ ტერორიზმსა და კიბერ-თავდასხმებს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მზადაა გააგრძელოს აქტიური მონაწილეობა ევროკავშირის მიერ წარმოებულ კრიზისის მართვის ოპერაციებში და წვლილი შეიტანოს ევროკავშირის გლობალური სტრატეგიის შემუშავების პროცესში.
საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ლტოლვილთა კრიზისი და ტრაგიკული მოვლენები ბრიუსელში უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის წარმატებით დასრულებაში.
„ამ კონტექსტში, ჩვენ მოუთმენლად ველით ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას ევროკომისიის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის წესდებაში შესაბამისი ცვლილების მიღებას. გვჯერა, რომ საქართველოსთვის მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი იქნება წამახალისებელი მოდელი ევროკავშირის სხვა პარტნიორი ქვეყნებისათვის, და ეს გახდება იმის დემონსტრირება, რომ რეფორმები ხელშესახებია და სახელმწიფოები “მეტი მეტის სანაცვლოდ“ პრინციპის შესაბამისად იმოქმედებენ“, -განაცხადა პრეზიდენტმა.
11974_559606560874288_7536791636797691793_n

12928317_559606260874318_1588988074219095707_n
12494721_559606517540959_9198696925653915885_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები