ზუგდიდის სტადიონის მშენებლობისთვის 20 მილიონი ლარი დაიხარჯება

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ლევან შონიამ ზუგდიდის უეფა-ს მესამე კატეგორიის შესაბამისი სტანდარტების სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც “კვირას“ გუბერნატორის პრესსამსახურიდან აცნობეს, სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჟამად მიწისზედა სამუშაოები მიმდინარეობს. სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9 747 000 ლარია გამოყოფილი. სულ კი სტადიონის მშენებლობისთვის 20 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
უეფა-ს მესამე კატეგორიის შესაბამისი სტანდარტების სტადიონის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „დაგი“ ახორციელებს.
სტადიონს ორი მოედანი ექნება – ძირითადი, რომელიც 7 200-ზე მეტ მაყურებელზე იქნება გათვლილი და სათადარიგო – 1 224 მაყურებელს დაიტევს.
ძირითადი მოედანი ბუნებრივსაფარიანი იქნება, ხოლო სათადარიგო – ხელოვნური საფარით მოეწყობა.
სტადიონი თანამედროვე სტანდარტების მქონე ტექნიკით აღიჭურვება. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები