ეროვნულ მუზეუმსა და ჩინეთის სასახლის მუზეუმს შორის მემორანდუმი გაფორმდება

დღეს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ჩინეთის სასახლის მუზეუმს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული აღმოსავლური კოლექციების მოვლას, ერთობლივი გამოფენების მოწყობას, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, საჯარო ლექციებს.
მემორანდუმს ხელს მოაწერენ: სასახლის მუზეუმის დირექტორი შან ჯიხიანდი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.
ღონისძიებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძი იენჩი და ელჩის პირველი მდივანი სუნ ძენ ბინი დაესწრებიან.
“სასახლის მუზეუმი ჩინეთის ქალაქ პეკინში მდებარეობს და 980 შენობისგან შემდგარ უზარმაზარ კომპლექსს წარმოადგენს. მას მინის და ქინის დინასტიების დროს იმპერიული სასახლის დანიშნულება ჰქონდა. კომპლექსი 1987 წლიდან მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული, როგორც ,,მინისა და ქინის დინასტიების იმპერიული სასახლე”. მისი კოლექცია კი იუნესკოს მიერ მსოფლიოში უძველეს ხის ნაკეთობათა უდიდეს კოლექციად არის შეფასებული.
ჩინეთის სასახლის მუზეუმს, რომელიც ,,აკრძალული ქალაქის” სახელითაა ცნობილი, წელიწადში 15 მილიონი დამთვალიერებელი ჰყავს და მსოფლიოში ყველაზე ხშირად მონახულებად მუზეუმს წარმოადგენს. მუზეუმი ცნობილია მასში დაცული ქინის იმპერიული პერიოდის კოლექციით, რომელიც მოიცავს კერამიკულ, ფერწერულ ნამუშევრებს, საათებს, ბრინჯაოსა და ნეფრიტის ნაკეთობებს, ხელნაწერებს, უძველეს წიგნებსა და ისტორიულ დოკუმენტებს”, – აცხადებენ ეროვნულ მუზეუმში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები