ქერიმ და ალიევმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხები განიხილეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვაშინგტონში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხები განიხილეს. ქერის თქმით, კონფლიქტის მოგვარება მშვიდობიანი გზით არის აუცილებელი, მაგრამ ამას გარკვეული დრო დაჭირდება.
„ჩვენ გვინდა, რომ კონფლიქტი მთიან ყარაბარში, რომელიც ამჟამად „გაყინულია“, საბოლოოდ მოგვარდეს. ეს მოლაპარაკების გზით უნდა მოხდეს და ამას გარკვეული დრო დასჭირდება“, – განაცხადა ქერიმ.
ილჰამ ალიევი ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე იმყოფება.
აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების საფუძველზე უნდა მოგვარდეს, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს.
ქერიმ ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი ძალიან მადლიერია აზერბაიჯანის ხელისუფლებისა, ავღანეთში სამშვიდობო მისიაში დახმარებისთვის.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ილჰამ ალიევის როლი „სამხრეთ გაზის ნაკადის დერეფნის“ პროექტში ძალზე მნიშვნელოვანია. ალიევის თქმით, ეს პროექტი 2-3 წელიწადში ამოქმედდება.