დავით უსუფაშვილი: არჩევნები არცერთ ეტაპზე არ ყოფილა რაიმე წინაპირობა ვიზალიბერალიზაციის პროცესში
მომავალი საპარლამენტო არჩევნები არცერთ ეტაპზე არ ყოფილა რაიმე წინაპირობა ვიზალიბერალიზაციის პროცესში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან პაველ სვობოდასა და ჰაიდი ჰაუტალასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროპარლამენტარების ინტერესის საგანი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხების შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგია.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, ყველა იმ საკითხით, რომელიც მათ აინტერესებდათ, ისინი უაღრესად კმაყოფილები არიან.
“მათი ინტერესის საგანია, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხების შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი. ყველა იმ საკითხით, რომელიც მათ აინტერესებდათ, უაღრესად კმაყოფილი არიან. მათ განაცხადეს, რომ მათი მხრიდან პერსონალურადაც, ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხა კომიტეტიდანაც საქართველოს აქვს მხარდაჭერა ვიზალიბერალიზაციის პროცესში. მათ ჩემთან საუბარში გაიმეორეს ის, რომ ცოტა ხნის წინ ცალკეული ევროპული პარტიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული განცხადებები არის მათი პერსონალური მოსაზრებები, რომელსაც ევროპარლამენტის განწყობებთან არანაირი საერთო არ აქვს. რაც შეეხება პროცესს, ის გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. გარანტირებულად თარიღებით, როდის რა მოხდება, ეს არც ევროპაში იციან, ისევე როგორც ჩვენს პარლამენტში. პროცესი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს და არცერთ პოლიტიკურ ძალას – იქნება ეს ქვეყნის შიგნით, თუ ევროპულ ასპარეზზე, საშუალება არ ექნება, მთლიანად ევროპული სისტემის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. ჩვენ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე შევჯერდით. მომავალი არჩევნები არცერთ ეტაპზე არ ყოფილა, როგორც რაიმე წინაპირობა ვიზალიბერალიზაციის პროცესში”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.