“მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შინაარსისადმი ცნობადობა საქართველოში კატასტროფულ მდგომარეობაშია”

საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძე ქალაქში არასწორი მშენებლობებით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მიწათსარგებლობის გენერალურმა გეგმამ ცხოვრების უკეთესი ხარისხი უნდა უზრუნველყოს.
აბულაძის თქმით, თუ არასწორი მშენებლობების პროცესი არ შეჩერდა, ცხოვრების ხარისხი უფრო გაუარესდება.
როგორც „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას აბულაძემ აღნიშნა, მშენებლობების დაგეგმარების პოლიტიკის განსაზღვრისათვის აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობა.
„დღეს დაწყებულ მშენებლობებზე მშენებლობის ნებართვები გაცილებით ადრეა გაცემული. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ჩვენ რეგულაციები იმგვარად წავიყვანოთ, რომ სრულად მივაღწიოთ აკრძალვებს.
არამართებულ მშენებლობებზე გაცემული ნებართვების გაუქმება სამართლებრივი პროცედურებია. მისი გაუქმება მხოლოდ სასამართლოს შეუძლია.
მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ დღესაც არ გაიცემა ამგვარ არამართებულ მშენებლობებზე ნებართვები. მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი ქვეყანა გავხდით, მოიშალა დაგეგმარების ყველა ინსტიტუტი. ჩემი კოლეგების გარკვეული ნაწილი დღესაც ემხრობა იმ აზრს, რომ დაგეგმარების აუცილებლობა არ არის საჭირო.
დაგეგმარების პოლიტიკის განსაზღვისათვის აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობა. ამ პოლიტიკას ვერ განსაზღვრავს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური, რადგან ის იმდენად გადატვირთულია ყოველდღიურ თემებზე ფიქრით, რომ შეუძლებელია მან პარალელურ რეჟიმში განსაზღვროს ყოველდღიური პოლიტიკა დაგეგმარებით საკითხებზე“,- განმარტა აბულაძემ.
აბულაძის მტკიცებითვე, მიწათსარგებლობის გენრალური გეგმის შინაარსისადმი ცნობადობა საქართველოში კატასტროფულ მდგომარეობაშია.
„ეს დეფიციტი როგორც საზოგადოებაში, ასევე სამოხელეო სტრუქტურებშიც გვაქვს. ამ კუთხით, ვფიქრობ, რაღაც ნაბიჯები გადაიდგა და ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი.
შეირჩა გუნდი, რომელიც ამუშავებს თბილისის მიწათსარგებლლობის გენერალურ გეგმას. პირველი ეტაპის სამუშაოები მთავრდება. ეს მოიცავს, ძირითადად, საყრდენი გეგმის ინფორმაციას, ანუ იმ საბაზისო მონაცემებს, რაზეც უნდა მოხდეს დაშენება, შემდეგ ქალაქის განვითარება უნდა მოხდეს.
თავისთავად გენერალური გეგმა არაფერს შეცვლის, თუ მისი აღსრულების ნება არ იყო.
როდესაც დოკუმენტში გაწერილ პრინციპებს დავიცავთ, სადაც დაბალანსებული იქნება სოციალური, ეკონომიკური, გარემოს დაცვის, კულტურული მემკვიდრეობის საკითხები, ვფიქრობ, ეს მოგვცემს საშუალებას, პრინციპების დონეზე განვსაზღვროთ, რა ტიპის ქალაქი შეიძლება მივიღოთ.
არ კმარა მარტო ზედა იერარქიის დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას ვეძახით. ამისათვის საჭირო არის პრინციპები დაკონკრეტდეს უფრო დაბალი იერარქიის დონეზე და იმ ტიპის დოკუმენტებში, რომელიც უკვე უზრუნველყოფს ამ სამშენებლო პოლიტიკას“,- განაცხადა აბულაძემ.
ამასთან, არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მარშალ გელოვანის გამზირზე მშენებლობის შეჩერების საკითხზეც. მისი თქმით, საკითხზე მსჯელობა ნებართვის გაცემის შემდეგ არ უნდა მიდიოდეს.
„პროფესიონალი, უპირველესად, უნდა იცავდეს წესს და კანონს. ვინც ამ პროცესში ჩართულია და ვინც ნათლად ამახინჯებს წესებს, მე მათ პროფესიონალს ვერ დავარქმევ“,-დასძინა აბულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები