“საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების სტრატეგიაში საქართველო, როგორც ტერორისტული შემოტევის სამიზნე, არ განიხილება”

„საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების სტრატეგიაში საქართველო, როგორც ტერორისტული შემოტევის სამიზნე, არ განიხილება“,- ამის შესახებ ყოფილმა პოლიტმატიმარმა ირაკლი ბათიაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა და დასძინა, რომ ეს დამშვიდების საფუძველს მაინც არ იძლევა.
„შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველო დღეს საერთაშორისო ტერორიზმის ორგანიზაციების სტრატეგიაში, როგორც ტერორისტული შემოტევის სამიზნე, არ განიხილება, მაგრამ ეს სულაც არ გვაძლევს დამშვიდებისა და გულარხეინობის საფუძველს.
აშკარად ჩანს, რომ მათ სტრატეგიაში კავკასიას და, მათ შორის, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და დროთა განმავლობაში სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.
საქართველოს მათ სტრატეგიაში სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია უკავია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ საქმე ეხება ტერორისტული ჯგუფების, ტერორისტულ ჯგუფებთან დაკავშირებული პირების, ასაფეთქებელი მასალებისა და იარაღის ტრანზიტს. ეს ნაკლებად სერიოზული კი არ არის“,- აღნიშნა ირაკლი ბათიაშვილმა.
ბათიაშვილის მტკიცებითვე, საქართველო ტერორისტული აქტის სამიზნე შესაძლოა, მხოლოდ ქვეყანაში არსებული სტრატეგიული ობიექტების არსებობის ან შანტაჟისა და მუქარის მიზნით გახდეს.
„ასევე, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ შესაძლოა, ჩვენ მათი აგრესიული ინტერესისა და ტერორისტული შემოტევის სამიზნე გავხდეთ შანტაჟისა და მუქარის მიზნით. კერძოდ, ტერორისტული ჯგუფების და ტერორისტებთან დაკავშირებული პირების გადაადგილების ხელის შეშლის მიზნით.
მაგალითად, თუ დააკავებ პიროვნებას, ვინც დაკავშირებულია ამ ჯგუფთან, მხოლოდ მაშინ შეიძლება ატყდეს შანტაჟი და დაგემუქრონ – თუ არ გამოუშვებ, განვახორციელებთ ტეროისტულ აქტსო, რაზეც ისინი წამსვლელები არიან.
და კიდევ, ერთი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა, საქართველო ტერორისტული აქტის მსხვერპლი გახდეს, არის ის სტრატეგიული ობიექტები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. მაგალითად, აშშ-ს საელჩო, ისრაელის საელჩო, ევროკავშირის მისიები, ირანის საელჩო. რუსეთის საელჩო ჩვენთან არ არის, თორემ ისიც პოტენცური სამიზნე იქნებოდა. ახლა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ დამშვიდების უფლება არ გვაქვს“,- განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები