ელისო ჩაფიძე: კმაყოფილი ვარ სუს-ის ანგარიშით და მასში წარმოდგენილი პრიორიტეტებით

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ელისო ჩაფიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს დადებითად აფასებს. როგორც ელისო ჩაფიძემ “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, სუს-ის უფროსის მოადგილის, ლევან იზორიას მიერ სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე წარდგენილ ანგარიშში პრიორიტეტები სწორად იყო განსაზღვრული.
დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების სამსახური გახდა დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე.
“ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ უსაფრთხოების სამსახური გახდა დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე და დღეს ჩვენ პირველად მოვისმინეთ ღია, საჯარო ანგარიში. ვფიქრობ, ძალიან სერიოზული მოხსენება ჰქონდა ბატონ ლევან იზორიას. მან არ აუარა გვერდი ისეთი ტიპის ინფორმაციის გაცემასაც კი, რაც ე.წ. ოდეერების თემას ეხებოდა. ეს ყველაფერი გვიქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს უწყება ძალიან დემოკრატიულ გარდაქმნებს ახორციელებს.
მოხსენების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით გაკეთებული განცხადება, ასევე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო კიბერუსაფრთხოების საკითხს, პირის პერსონალური მონაცემების დაცვას, ვფიქრობ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ღირსეულად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს ქვეყნის წინაშე.
სუს-ი არის დამოუკიდებელი ორგანო, რომლის ხელმძძღვანელიც აბსოლუტურად დამოუკიდებელია პოლიტიკური გავლენებისაგან. ანგარიშით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას ხალხის მიერ არჩეული საკანონმდებლო ორგანოს წინაშე, სუს-მა გაწერილ ვადებში წარმოადგინა საკუთარი ანგარიში და ამ ანგარიშში, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენიმე ძირითად ისეთ თემაზე იყო ყურადღება გამახვილებული, რომლებიც მსოფლიოსთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. კმაყოფილი ვარ დღევანდელი ანგარიშით და მასში წარმოდგენილი პრიორიტეტებით“, – განუცხადა “კვირას“ ელისო ჩაფიძემ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ სუს-ის ანგარიში პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე წარადგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხვალ მოისმენენ. ანგარიშს სესიაზე სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური წარადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები