შალვა პაპუაშვილი Facebook-ის ფაქტების გადამოწმების მოდელის ცვლილებას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, კომპანია Meta-ს მიერ, რომლის შემადგენლობაში Facebook-ი და Instagram-ი შედის, ფაქტების გადამოწმების მოდელის ცვლილება პოზიტიური ნაბიჯია.
„Facebook-ის მიერ ფაქტების შემოწმების მეტად დემოკრატიული პრაქტიკის დანერგვა, როგორც ეს [სოციალურ პლატფორმა] X-ს Community Notes-ის სახით აქვს, ფაქტების აღქმის ან პირდაპირი დეზინფორმაციის ნაცვლად ფაქტების ღირებულების გაძლიერებისკენ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯია“, – დაწერა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილს საქართველოს მაგალითი მოჰყავს და აღნიშნავს, რომ Facebook-ის ქართული სეგმენტი ორი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოწმდება: Grass FactChek და „მედია განვითარების ფონდი“ (MDF). მისი თქმით, ორივე ორგანიზაცია უცხოური მთავრობებისგან მილიონებს იღებს.
„ერთი შეხედვით, საკმაოდ უწყინრად ჩანს, მაგრამ… FactCheck-ს სერგი კაპანაძე (სააკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი) აკონტროლებს, ხოლო MDF-ს თამარ კინწურაშვილი (სააკაშვილის უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩეველი) ხელმძღვანელობს. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ წარმოიდგინოთ ამ ორი ფარული პოლიტიკოსის „მიუკერძოებლობისა“ და „სამართლიანობის“ ხარისხი ფაქტების შემოწმების მისიის შესრულებისას“, – დაწერა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკულმა ტელეარხმა Fox News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კომპანია Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს და თავის პლატფორმებზე, Facebook-სა და Instagram-ზე სიტყვის თავისუფლებაზე დაწესებულ შეზღუდვას აუქმებს.