„ჩალიკ ჰოლდინგი“ საქართველოში ახალი მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავს

თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „ჩალიკ ჰოლდინგი“ და GE Power-ი საქართველოში ახალი მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავენ. მთავრობის ადმინიტრაციის ინფორმაციით, უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ, “ჩალიკ ჰოლდინგის“ თავმჯდომარე აჰმეტ ჩალიკმა და GE Power-ის ვიცე-პრეზიდენტმა რიკარდო კორდობამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.
კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგური, ქარისა და ჰიდროელექტროსადგურები და გაზსაცავის მშენებლობა, – ეს ის საინვესტიციო პროექტებია, რომელთა განხორციელების ინტერესს კომპანია გამოთქვამს.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ კომპანიის ინტერესი, ენერგეტიკის სფეროში პროექტების განხორციელებისადმი, ძალიან დიდია.
„კომპანიის ინტერესი, ენერგეტიკის სფეროში პროექტების განხორციელებისადმი, ძალიან დიდია. საუბარია დაახლოებით 80 მეგავატი სიმძლავრის ქარისა და ჰიდროელექტროსადგურებზე, ასევე ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე, რომელზეც ინტერესთა გამოხატვა უკვე გამოცხადებული გვაქვს. ასეთი დიდი პროექტების განხორციელებისადმი კომპანიის ინტერესი მისასალმებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, „ჩალიკ ჰოლდინგის“ ინტერესის სფეროშია ტექსტილის წარმოების განვითარებაც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ტექსტილის საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით, რაც, სავარაუდოდ, გურიის რეგიონში განხორციელდება.
„ჩალიკ ჰოლდინგის“ თავმჯდომარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა. შეხვედრას GE Power-ის გენერალური დირექტორი თურქეთში, მეთე მალთეფე, „ჩალიკ ენერჯის“ აღმასრულებელი დირექტორი ოსმან საიმ დინჩი და „ჩალიკ ენერჯის“ მმართველი ილდირაი თინარი, ხოლო საქართველოს მხრიდან – ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, „თანაინვესტირების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები