ოთარ დანელია ოფიციალური ვიზიტით კატარის სახელმწიფოში იმყოფება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ოფიციალური ვიზიტით კატარის სახელმწიფოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დოჰაში მინისტრი თავის კოლეგას, კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტისა და გარემოს მინისტრს, მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰის და მინისტრის მოადგილეს, ჰამად ალ ხალიფას კატარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის აგროსასურსათო პროდუქციით ვაჭრობის, ინვესტიციების განხორციელების, ასევე, საქართველოდან ცხვრის, მინერალური და უალკოჰოლო სასმელების, მშრალი ხილის, თაფლის ექსპორტის საკითხებზე ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორ შეთანხმებას – ურთიერთგაგების მემორანდუმს სოფლის მეურნეობის სფეროში ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ კატარის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობებს შორის და ურთიერთგაგების მემორანდუმს ვეტერინარული ჯანმრთელობისა და მეცხოველეობის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტისა და გარემოს სამინისტროს შორის.
როგორც შეხვედრაზე მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰმა აღნიშნა, საქართველოსა და კატარს შორის სავაჭრო ურთიერთობის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს. კატარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტიორი ქვეყანაა.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ბიოპროდუქტების, ასევე ბოსტნეულის, მინერალური და მტკნარი წყლების, მეცხოველეობის პროდუქციის იმპორტს ენიჭება. „ორ ქვეყანას შორის დღეს გაფორმებული მემორანდუმი თანამშრომლობის პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.
მემორანდუმი საქართველოს მხარეს საშუალებას აძლევს, სავაჭრო ურთიერთობები აწარმოოს არა მარტო კატართან, არამედ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან“, – განაცხადა შეხვედრაზე მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰმა.
ოთარ დანელიას განცხადებით, ძალიან საინტერესო იყო კატარელ კოლეგასთან შეხვედრა, რადგან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე გაკეთდა აქცენტი.
„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა გაიზარდოს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, რომლის მაჩვენებელიც დღეისათვის სახარბიელო არ არის, მაშინ როცა, პოტენციალი არსებობს. გარდა ამისა, არსებობს შესაძლებლობა ინვესტიციების მოზიდვისა და აგრარულ სექტორში ერთობლივი საწარმოების აშენებისა“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
დოჰაში, კატარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი კატარის სახელმწიფოში ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები