„ფარული საგამოძიებო მოქმედებები 10-ჯერ შემცირდა“

„ფარული საგამოძიებო მოქმედებები 10-ჯერ შემცირდა“,- აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშის უკვე შემდგარ და ხვალისთვის დაგეგმილ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშზე საუბრისას გააკეთა.
დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში იმ ბერკეტების და კონტროლის შესახებ ისაუბრა, რაც ახალი კანონის მიხედვით სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებას უსაფრთხოების სამსახურთან მიმართებაში გააჩნია და ფარული მიყურადების საკითხზე წინა წლებთან შედარებით პარალელი გაავლო.
ქუცნაშვილის თქმით, წინა წლებში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების სახით, საშუალოდ 15-20 000 მოსმენა ფიქსირდებოდა, გასულ 2015 წელს კი სულ 2 200 შემთხვევა დაფიქსირდა.
„ხვალ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პარლამენტში პირველ ანგარიშს წარმოადგენს. ჩვენ ახალი კანონი, რომელიც მივიღეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ, მოვაქციეთ 4 კონტროლის ქვეშ, ეს არის საპროკურორო კონტროლი, სისხლის სამართლებრივი დევნის წარმოებისას სასამართლო კონტროლი, ადამიანის უფლებების დაცვის და ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილში სამთავრობო კონტროლი და საპარლამენტო კონტროლი ყველა აღნიშნულ ნაწილში. უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშამდე ჩვენ წინა კვირას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიში მოვისმინეთ, რომელმაც ისაუბრა, რომ წინა წლებში საშუალოდ 15-20 000 მოსმენა ფიქსირდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების სახით. გასულ 2015 წელს სულ 2 200 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა სასამართლომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ნებართვა გასცა. ფარული საგამოძიებო მოქმედებების ნაწილია მიყურადება, თვალთვალი, პირადი და არაპირადი ხასიათის ინფორმაციის ჩაწერა და მერე მათი განადგურების საკითხი. სულ 4 შემთხვევა დაასახელა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, სადაც მოსამართლემ მოსმენების ჩატარების თანხმობა არ გასცა“, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები