საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს ორ ვაკანტურ თანამდებობაზე თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატურები წარადგინა. წარდგენამდე პრეზიდენტი ორივე მათგანს შეხვდა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგიელ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი ანა დოლიძე ესწრებოდა.
თამარ ლალიაშვილი უზენაეს სასამართლოში ადრეც მუშაობდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ლალიაშვილი, ნინო გვენეტაძესთნ, მერაბ ტურავასთან და სხვა მოსამართლეებთან ერთად, სამსახურიდან გაათავისუფლეს. თამარ ლალიაშვილს 2001- 2006 წლებში საქრთველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებოდა ეკავა, ხოლო 2000-2001 წლებში იგი იყო საოლქო სასამართლოს მოსამართლე, 1999-2000 წლებში კრწანისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, 1993-1999 წლებში კი თამარ ლალიაშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორის თანამდებობას იკავებდა.
1988 წელს თამარ ლალიაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსისტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 2007-2010 წლებში თამარ ლალიაშვილი ბრემენის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მეცნიერ თანამშრომელი იყო. 2010 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის წოდება. არის ორი წიგნისა და 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ნონა თოდუას 30-წლიანი საგანმანათლებლო-სამეცნიერო მუშაობის სტაჟი აქვს. წლების განმავლობაში იგი ლექციებს კითხულობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2014 წლის იანვრიდან-დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტი პროფესორია. ნონა თოდუა არის 30-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი. ნონა თოდუამ 1981 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსისტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.