რამდენად დაცულია თვითმფრინავით მგზავრობა მსოფლიო ავიაკატასტროფების ეპოქაში

არის თუ არა დაცული ჩვენი უსაფრთხოება ფრენების დროს, რამდენად არის საქართველო დაზღვეული ავიაკატასტროფებისგან, რამდენად უსაფრთხოა, იმგზავრო საქართველოდან ან ჩამოფრინდე საქართველოში, – ეს ის საკითხებია, რომლებსაც გაზეთმა „პრაიმტაიმმა“ დღევანდელ ნომერში ვრცელი სტატია დაუთმო.
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ „ფლაიდუბაის“ თვითმფრინავმა როსტოვში საშინელი კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც 62 ადამიანი დაიღუპა. მსოფლიო ავიაკატასტროფებს ებრძვის, ვნახოთ რა ხდება საქართველოში და რამდენად დაცულია მგზავრების უსაფრთხოება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, თამაზ გაიაშვილს ესაუბრა.

– მინდა გითხრათ, რომ როდესაც ასეთი ტიპის ავიაკატასტროფა ხდება, აქ მოქმედებს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება. ესენი ერთმანეთზე რეაგირებას იწვევს და ხდება კატასტროფა. თუმცა, ბუნებრივია, ზოგჯერ ერთი შემთხვევაც შეიძლება ფატალურად დასრულდეს. დუბაის შემთხვევაში, დაგისახელებთ სამ გარემოებას. ეს, პირველ რიგში, გამოწვეული იყო იმით, რომ ფრენა განხორციელდა ღამის სამ საათზე. თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა ზუსტად 3 საათსა და 50 წუთზე. ღამის ფრენები უფრო მძიმე და საფრთხილოა მფრინავებისთვის. მეორე გარემოება გახლავთ მეტეოროლოგიური პირობები. მესამე, რასაკვირველია, მფრინავების კვალიფიკაციის საკითხი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მათ რომ დროულად მიეღოთ გადაწყვეტილება და სხვა აეროპორტში წასულიყვნენ, ალბათ კატასტროფას თავიდან აიცილებდნენ. ზოგადად, დაჯდომის მანევრების დროს 95 % ეს არის მფრინავების ბრალი.
ადამიანური ფაქტორი. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს კატასტროფა მეტწლად ღამის ფრენებმა გამოიწვია. აი დაახლოებით პროცენტულად რომ ავიღოთ, 50%-ით უფრო რთულია ღამის ფრენების შესრულება. ამას ემატება დაღლილობა და ეს ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა.
– თბილისის აეროპორტი 27 მარტიდან რემონტის გამო მხოლოდ ღამის ფრენებზე გადადის, რამდენად მიზანშეწონილია ეს?
– ჩვენი აეროპორტი 27 მარტიდან დღის საათებში იკეტება. რემონტი უტარდება ასაფრენ-დასაფრენ ზოლს. ფრენები იწარმოებს მხოლოდ საღამოს 8 საათიდან დილის 10 საათამდე. რა თქმა უნდა, ამ დროს დაწესებული იქნება ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შეზღუდვები. ეს გაართულებს ფრენას როგორც მფრინავისთვის, ასევე დისპეტჩერებისთვის. ამავე დროს, მფრინავებისთვის გართულებული იქნება ღამის ფრენების წარმოებაც. ეს სისტემა მკეთრად გაართულებს მფრინავების მუშაობას. ღამის პერიოდში ადამიანი ყველაზე ნაკლებადაა უნარიანი, განსაკუთრებით ღამის 3-დან 6 საათამდე. ევროპაში ღამის 11 საათიდან დილის 6 საათამდე აეროპორტი დაკეტილია.
– თქვენ თუ გქონდათ საუბარი მთავრობასთან უსაფრთხოების ნორმის დაცვის მიმართულებით?
– დიახ, რა თქმა უნდა. მე მიმიმართავს კიდეც, იქნებ შევზღუდოთ ღამის ფრენები-თქო. ორიენტირებულები არიან, რომ როგორმე თურქებს ასიამოვნონ. ეს მხოლოდ თურქების ინტერესებში შედის. ღამის ფრენები 30%-ით უფრო ძვირი ღირს. იმიტომ, რომ ღამე მუშახელი ელექტოენერგია გაცილებით ძვირია. მთელს მსოფლიოში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია და რემონტი კეთდება მხოლო ღამის საათებში.
– ამ არგუმენტით აეროპორტს მიმართეთ?
– რა თქმა უნდა, ქართული მხრიდან აეროპორტის გაერთიანების უფროსი არის ქალბატონი ალექსიძე და იცით, რა მიპასუხა: ჩემო კარგო, ეს თურქებს ძვირი დაუჯდებათ, ნება იბოძონ და რა დაზგიდანაც ფულს შოულობენ, ის დაზგა გაარემონტონო. ფულის შოვნა უნდათ და შეკეთება არ უნდათ. ასე სად ხდებაო.
– ამ შემთხვევაში გამოდის, რომ მომხარებლის ინტერესი უკანა პლანზე იწევს…
– დიახ, მომხმარებლის ინტერესები ისედაც უკანა პლანაზეა გადაწეული. ღამის ფრენების გამო საშინელ დღეშია ეს ხალხი. მოქალაქეების სიცოცხლე საფრთხეში არ უნდა ჩავაგდოთ. თუ დავაკვირდებით, ბოლო პერიოდში ავიაკატასტროფები მეტწილად ორი ფაქტორის გამო ხდებოდა: ეს არის ადამიანური ფაქტორი და ტერორისტული აქტები. ყველაფერ ამას თუ გავითვალისწინებთ, აეროპორტი დღის საათებში არ უნდა დაგვეკეტა და პირიქით, ფრენები ამ პერიოდში უნდა განვახორციელოთ.
– სხვა რა პრობლემებს ხედავთ თბილისის აეროპორტში?
– ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წესიერად განათებულიც არ არის. ერთი სამი წლის წინ მგზავრმა სიბნელეში ფეხი მოიტეხა. თვითმფრინავის ჩამოსვლის შემდეგ, ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად ოდნავ უფრო კარგად გავანათებინე აეროპორტი. ახლა უხერხულობას ის ქმნის, რომ ფრენები მხოლოდ ღამით გვაქვს, მესამე ის, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე ძვირია მთელს მსოფლიოში. მოსაკრებელი, რომელიც არის დღეს, არის ძალიან მაღალი. ეს ხელოვნურად შეიქმნა და არის ძალიან მაღალი. ჩემთვის გაუგებარია, თან კონტრაქტი 2028 წლამე გაუგრძელდა. ამ დროისთვის კი თბილისის აეროპორტიდან აღარაფერი არ დარჩება ის პრაქტიკულად გამოუსადეგარი იქნება შემდეგი ექსპლუატაციისთვის. ჩვენ დაგვრჩება გაუმართავი ასაფრენი ზოლი, გაუმართავი ბილიკები, სადგომები და ასევე მოძველებული და უფუნქციო ტერმინალი.
– ვალდებულება არ აქვთ გაწერილი კონტრაქტში, რომ კარგ პირობებში დატოვონ აეროპორტი 2028 წელს?
– არა, რა თქმა უნდა, არავითარი ვალდებულება არ არის გაწერილი. პირიქით, ქართველები ვართ დატვირთულნი ყველაფრით. ჩვენ სხვა აეროპორტის აშენებაც კი არ შეგვიძლია 150 კმ-ის რადიუსში.
ქუთაისშიც ანალოგიური ვითარებაა. წესით, ეს აეროპორტი არ უნდა ფუნციონირებდეს, არადა ამ აეროპორტით სათანადოდ ჯერ არავინ დაინტერესებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები