“მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი წელს მიიღებს კანონპროექტს და ის პირველი იანვრიდან ამოქმედდება”

ფინანსთა სამინისტროში, მოგების გადასახადის ახალ სისტემაზე გადასვლის ვადებთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, გაითვალისწინოს ბიზნესის თხოვნა და მოგების გადასახადის რეფორმა 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდეს.
მინისტრის თქმით, აღნიშნულ პერიოდში, რეფორმის ამოქმედება ხელს შეუწყობს ბიზნესს, უფრო მომზადებული შეხვდეს მოგების გადასახადის ახალ მოდელს და მინიმუმამდე შეამციროს ის პოტენციური რისკები და ხარვეზები, რომლებიც შესაძლოა, მოჰყოლოდა რეფორმის მიმდინარე წლის ივლისიდან ამოქმედებას.
ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საგადასახადო ცვლილებების კანონპროექტი დადებითად შეაფასეს. მათი თქმით, განაწილებული მოგების გადასახადის რეფორმა მნიშვნელოვნად წაახალისებს ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში. ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლის ჯონ ვოლტონის თქმით, დიდი იმედით უყურებს ახალ საგადასახადო რეფორმას.
“რეფორმა წაახალისებს რეინვესტიციებს ქვეყანაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკურ ზრდას და ამავდროულად, გადასახადების ადმინისტრირებას გაამარტივებს. ამ ინიციატივით, მთელ მსოფლიოს დავანახებთ, რომ საქართველო კვლავ არის კარგი ქვეყანა ინვესტიციებისთვის. ფინანსთა სამინისტრომ სამაგალითოდ აჩვენა, რომ ბიზნესთან ურთიერტობა შეუძლია. ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი ურთიერთობის მოდელი”, – განაცხადა ვოლტონმა.
ნავთობპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, გადაწყვეტილება კანონპროექტის განხორციელების ვადებთან დაკავშირებით, კონსენსუსის შედეგად იქნა მიღწეული.
“ძალიან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ფინანსთა სამინისტროსთან. თითქმის, ყველა ბიზნესისთვის მნიშვნელოვან საკითხზე. მოგების გადანაწილებული გადასახადის შემორება ბიზნესისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ჩვენი სფეროსთვის, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი კონტრიბუტორი და ინვესტორია ქვეყანაში. ამდენად, ეს გადაწყვეტილება ერთგვარი კონსენსუსის შედეგად იქნა მიღწეული. იქიდან გამომდინარე, რომ ფინანსთა სამინისტროსაც მიაჩნია, რომ ეს არის კარგი გადაწყვეტილება და არ უნდა გაუფასურდეს. საჭიროა, თვითონ მთავრობაც მოემზადოს, საჭიროა, გარკვეული ნორმატივების მიღება, ეს არის საკმაოდ დიდი პაკეტი და ამისთვის გარკვეული დროა საჭირო, საჭიროა, ბიზნესის მომზადებაც. კარგი გადაწყვეტილებაა და შემდეგ შეიძლება გარკვეული ცვლილებების შეტანაც”, – განაცხადა ნავთობპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი კოტრიკაძემ.
დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, რეფორმა მნიშვნელოვნად წაახალისებს ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში.
“ამას სჭირდება ძალიან დაკვირვებული მუშაობა. ასევე დროც. დღევანდელ შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება, რომ პირველი იანვრიდან შევიდოდა კანონი ძალაში, თუმცა ის გადასახადი, რაც ეხება საბაჟოს დღგ-სგან გათავისუფლებას, კანონის მიღებისთანავე შედის ძალაში. ფინანსთა სამინისტრომ ამ მიმართულებით ძალიან კარგი სამუშაო ჩაატარა თითოეულ ბიზნესასოციაციასთან”, – განაცხადა დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა დანიელ გახარიამ.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა, ოპონირების რეჟიმში არ ჩამდგარან.
“ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ ძალიან პროგრესული კანონპროექტია, რომელიც ქვეყანას აუცილებლად წაადგება. გადავწყვიტეთ, არ ჩავრთულიყავით მაინცდამაინც ოპონირების რეჟიმში და დაგვეფასებინა ის სიკეთეები, რაც დარწმუნახლავს ამ კანონპროექტს”, – განაცხადა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ბესიკ შენგელიამ.
ბიზნესაცოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კანონი 1 ივლისიდან ამოქმედდებოდა, მასში ბევრი ბუნდოვანი საკითხი იქნებოდა.
“ბევრ კომპანიას დასჭირდება დრო ცვლილებებთან ადაპტირებისთვის როგორც ფინანსური სამსახურების მხრიდან, ასევე შემოსავლების სამსახურის მხრიდან, ვინაიდან, რეფორმა ითვალისწინებს შემოწმების თავისებურებების განსაზღვრას და ადაპტაციას, შესაბამისად, გარკვეული ბუნდოვანებები შესაძლოა გაჩენილიყო რეფორმის იმპლემენტაციის პერიოდში, თუ მისი განხორციელება 1 ივლისიდან დაიწყებოდა. ეს გარკვეულწილად შექმნიდა ამ ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტის და იდეის დისკრედიტაციის რისკებს. ეს არ გვინდა, რომ მოხდეს, რადგან მხარს ვუჭერდით ამ რეფორმას. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს წელს და ამოქმედება 1 იანვრიდან მოხდება”, – განაცხადა ბიზნესაცოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები