რიჩარდ მაილსი: საქართველოს უნდა ჰქონდეს კარგი ურთიერთობები რუსეთთან
გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ არ შეიძლება საქართველოს რუსეთთან კარგი ურთიერთობები ჰქონდეს, განსაკუთრებით ეკონომიკაში, – ამის შესახებ “ამერიკის ხმის” ქართულენოვან გამოცემასთან ინტერვიუში საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, რიჩარდ მაილსმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ამ მხრივ ძალისხმევა გასწია, საქართველოს უნდა ჰქონდეს კარგი ურთიერთობები რუსეთთან.
“გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ არ შეიძლება საქართველოს რუსეთთან კარგი ურთიერთობები ჰქონდეს, განსაკუთრებით ეკონომიკაში. რუსული ბუნებრივი აირი ისევ გადის საქართველოს ტერიტორიას სომხეთში ჩასასვლელად, ქართული პროდუქცია ისევ იყიდება რუსულ ბაზარზე, ეკონომიკური თვალსაზრისით ვითარება ამაზე რთულიც ყოფილა. საქართველოს მთავრობამ ამ მხრივ ძალისხმევა გასწია, საქართველოს უნდა ჰქონდეს კარგი ურთიერთობები რუსეთთან“,- აცხადებს რიჩარდ მაილსი.
კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ის მოსაზრებას, რომ 2008 წელს დასავლეთის რეაქციამ რუსეთი უფრო გააძლიერა და სამომავლო აგრესიისკენ წაახალისა, მაილსი ასე პასუხობს:
“დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის დიდ ნაწილს და საქართველოს მთავრობას ერჩივნა, ჩვენ უფრო მკაცრი ზომები მიგვეღო, მაგრამ ეს არასდროს განიხილებოდა. ჩვენ არ გვითქვამს, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში მკაცრ ნაბიჯებს გადავდგამდით. ეს ასე არ ყოფილა. მე მესმის ქართველების დიდი ნაწილის იმედგაცრუება იმით, რომ შეერთებული შტატები ან საქართველოს სხვა მეგობრები და მოკავშირეები სამხედრო მეთოდებით არ ჩაერთნენ. რუსეთის მიერ საქართველოში ინტერვენციამ რუსეთის ფედერაციის გავლენა გაზარდა. ამან აჩვენა, რომ რუსეთს აქვს პოლიტიკური მზადყოფნა, თავისი საზღვრების მახლობლად სამხედრო ძალა გამოიყენოს“, -აცხადებს რიჩარდ მაილსი.