„ოჯახის შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერი საჭიროა, რომ ამ საკითხით სპეკულაციის საშუალება არავის მიეცეს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ოჯახის სტატუსთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ჩანაწერის შესახებ ისაუბრა.
ქანთარია დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო ჩანაწერის გაკეთებისთვის პარლამენტში საჭირო ხმები შეგროვდება და ინიცირებული ჩანაწერი მიღებული იქნება.
დეპუტატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობაში მყოფი რამდენიმე ადამიანი თვლის, რომ ამ ჩანაწერის გაკეთების აუცილებლობა არ არსებობს, ცვლილება მაინც შევა. ქანთარიას თქმით, ეს საჭიროა, რათა მომავალში ეს საკითხი სპეკულაციის საგანი არ გახდეს და საზოგადოება მშვიდად იყოს.
„მგონია, რომ ხმათა საჭირო რაოდენობა შეგროვდება, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის რამდენიმე წევრს ამის საჭიროება არ მიაჩნია.
„რესპუბლიკელებმა“ განაცხადეს, რომ ისინი ამ ინიციატივას არ ეთანხმებიან, თუმცა შინაარსში აბსოლუტურად თანხვედრია მათი პოზიციაც. ისინი ფიქრობენ, რომ ახლა ამ ჩანაწერის აუცილებლობა არ არსებობს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამის აუცილებლობა არის. ეს საჭიროა, რომ საზოგადოება დამშვიდდეს, ამ მხრივ აღარ იყოს დაძაბულობა. ოჯახის შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერი საჭიროა, რომ არავის მიეცეს ამ საკითხით სპეკულაციის საშუალება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დროდადრო ამოიწევდა ხოლმე ეს თემა. აი იმ ქვეყანამ დააკანონა ერთსქესიანთა ქორწინება, ამ ქვეყანამ მიიღო და ასე შემდეგ… იმისათვის, რომ ეს აღარ იყოს ქულების მოპოვების საგანი, გადავწყვიტეთ, რომ ის მუხლი, რომელიც არის სამოქალაქო კოდექსში, ავიდეს მაღლა, რადგან კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი მეუღლეების შესახებ ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. ჩვენ ამას მშვიდად გავიტანთ და კონსტიტუციაში ცვლილება შევა. ახლა საჯარო განხილვები იწყება. ერთ თვეში კი ინიციატივა პლენარულ სხდომაზე გავა“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები