„ლარის კურსის ასეთი არაბუნებრივი გამყარებით ქვეყნის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიადგება“
„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 10 000 000 აშშ დოლარის შეისყიდვა მიმართულია იქეთკენ, რომ ვალუტის გამყარების ტემპი რაღაც გონივრულ ნიშნულზე იყოს სტაბილიზებული“, – აღნიშნული განცხადება ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
გიორხელიძის განმარტებით, არც ლარის კურსის მკვეთრი დევალვაცია და არც ასეთი უეცარი გამყარება ბუნებრივი არ არის. ექსპერტი მიიჩნევს, რომ დღევანდელი კურსის განმსაზღვრელი მხოლოდ 2-3 ბანკის ტრანზაქციებია ბლუმბერგის ბირჟაზე.
მისი განცხადებით, ასეთმა მკვეთრმა რყევებმა და არაბუნებრივმა გამყარებამ შეიძლება ქვეყნის ეკონომიკას უარყოფითი შედეგი მოუტანოს, ამიტომ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ლარის კურსის სტაბილიზება და დარეგულირება აუცილებელია.
„ეროვნული ბანკის გუშინდელი ოპერაცია მიმართულია სწორედ იქითკენ, რომ ტემპი გამყარებისა რაღაც გონივრულ ნიშნულზე იყოს სტაბილიზებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავვარდებით. არაბუნებრივი იყო ლარის ასეთი სწრაფი დევალვაცია იმ ნიშნულამდე, რომელზეც ის იყო მისული და არაბუნებრივია გამყარების ასეთი ტენდენციაც, რადგან ეროვნულ ვალუტებს ასეთი სწრაფი მოძრაობა არ ახასიათებთ. ადამიანებს აქვთ დანაზოგები, ისინი იღებენ გადმორიცხვებს საზღვარგარეთიდან, ოჯახის წევრებიდან გამოვიდა ის, რომ 16 მილიონით მეტი გადმორიცხვა გაკეთდა წინა თვეში და სწრაფად გამყარებულმა ლარმა გამოიწვია, რომ თითოეულმა ამ მოქალაქემ ას დოლარზე თითქმის 20 ლარი დაკარგა.
ჩვენ გვჭირდება სტაბილური ლარი, რომელიც განიცდის რყევას, მაგრამ ამ რყევის ამპლიტუდა დაბალი უნდა იყოს. ასეთ ვითარებაში ბიზნესი უმძიმეს მდგომარეობაშია. ეროვნული ვალუტის კურსი ქვეყნის ეკონომიკის ინტერესებით არ არის განპირობებული. დღეს ლარის კურსზე არაფერი მოქმედებს, გარდა 2-3 ბანკის ტრანზაქციებისა ბლუმბერგის ბირჟაზე. აუცილებელია ამ კურსის სტაბილიზება მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ლარის კურსის ასეთი არაბუნებრივი გამყარებით, ქვეყნის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიადგება“,- აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.