“ეთერ გადაბაძემ ჟურნალისტებს ლევან გაჩეჩილაძის სახელზე განცხადებები მუქარით დააწერინა”

ლევან გაჩეჩილაძე მზად არის, ტელეკომპანიის დამფუძნებლებთან კონსტრუქციული მოლაპარაკებები დაიწყოს. შპს „სტუდია მაესტროს“ გენერალური დირექტორის ადვოკატის, ირაკლი კორძახიას ინფორმაციით, საკონტროლო პაკეტის მფლობელ გია გაჩეჩილაძის მხარესა და ამავე კომპანიის წილის მფლობელ, მაკა ასათაინის მხარეს შორის კომუნიკაცია შედგა მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. საპირისპიროს აცხადებს „მაესტროს“ ყოფილი დირექტორი ეთერ გადაბაძე და აცხადებს, რომ მაკა ასათიანი ტელეკომპანიის თანადამფუძნებლებთან მოლაპარაკებებს კატეგორიულად გამორიცხავს.
სანამ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან, ვითარება „მაესტროს“ ირგვლივ იძაბება. შპს „სტუდია მაესტროს“ თანამშრომლები კომპანიის ყოფილ დირექტორს, ეთერ გადაბაძეს თავდასხმასა და საქმიანობის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ. მათივე განცხადებით, ეთერ გადაბაძე თავისი შეხედულების საფუძველზე განსაზღვრავს, თანამშრომლებიდან ვინ უნდა დაუშვას „მაესტროს“ შენობაში და ვინ არა, თანამშრომლების ნაწილს აიძულებს, დაწეროს განცხადება „მაესტროდან“ წასვლაზე.
„მაესტროში“ სულ 300 თანამშრომელი მუშაობს. გადაბაძის მოთხოვნით, დაახლოებით, ნახევარმა ლევან გაჩეჩილაძის სახელზე დაწერა განცხადება სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე, ვინაიდან, მათივე თქმით, გადაბაძე ჟურნალისტებს ემუქრებოდა, რომ ტელეკომპანიის შენობაში არ შეუშვებდა. გადაბაძის მუქარის მიუხედავად, დიდმა ნაწილმა უკან გაითხოვა იძულებით დაწერილი განცხადება.
18 მარტს ვითარება ტელევიზიის გარშემო იმდენად დაიძაბა, რომ „მაესტროს“ 25%-ის მფლობელის, მაკა ასათიანის მეუღლე, კოტე გოგელია სკაიპის საშუალებით ჩაერთო თანამშრომლებს და გვერდით დგომა მოსთხოვა. გოგელიამ ჟურნალისტებს პირდაპირ განუცხადა, რომ ხელფასებს გაუნახევრებდა, მაგრამ არხის დირექტორად მათთვის მისაღებ კანდიდატს დანიშნავდა. გოგელიას შეთავაზების შემდეგ ოპერატორებმა და ტელეკომპანიის მძღოლებმა ბაჩო კიკაბიძესთან შეხვედრა მოითხოვეს, მაგრამ კიკაბიძე მათ არ შეხვდა.
ჟურნალისტი გვანცა კოპლატაძე ერთ-ერთია, ვისაც გადაბაძემ ულტიმატუმი წაუყენა. კოპლატაძის თქმით, ჟურნალისტები, ოპერატორები და ტექნიკური პერსონალი, რომლებიც აიძულეს ლევან გაჩეჩილაძის სახელზე სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ განცხადება დაეწერა, დღეს განცხადების ბათილად ცნობას ითხოვენ ლევან გაჩეჩილაძისგან.
„წამოვედი იმიტომ, რომ წამიყენეს ულტიმატუმი – თუ არ დავწერდი განცხადებას ლევან გაჩეჩილაძის სახელზე სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე, ვერ შევიდოდი „მაესტროს“ შენობაში. ეთერ გადაბაძე ტელევიზიაში არ მიშვებს იმიტომ, რომ განცხადება არ დავწერე გაჩეჩილაძის სახელზე.
პირდაპირ გამოაცხადა, ვინც არ დაწერს განცხადებას, შენობაში არ შემოვაო. ფაქტობრივად, ჟურნალისტურ საქმიანობას ვერ ვასრულებ, რადგან ყოფილი დირექტორი არ გვიშვებს ტელევიზიაში. რაც შეეხება ეთერ გადაბაძის მმართველობას, მე ვიყავი მომსწრე იმისა, როგორ ატყუებდა თანამშრომლებს. ხან ხელფასებზე იყო ტყუილები, ხან რაზე და ხან რაზე. ამას ვერ ვუწოდებ მმართველობას“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას გვანცა კოპლატაძე.
განცხადება არ დაუწერია, „მაესტროს“ თანამშრომელია, მაგრამ ტელევიზიაში ვერ შედის ჟურნალისტი თამარ ილურიძე, რომლის განცხადებით, „მაესტროელებთან“ ერთად აგრძელებს მუშაობას ახალ ხელმძღვანელობასთან. იმ შემთხვევაში, თუ სარედაქციო დამოუკიდებლობას და ფინანსურ სტაბილურობას პრობლემა შეექმნება, ჟურნალისტი აცხადებს, რომ სამსახურს დატოვებს.
„პირველივე დღიდან ცხადი იყო, რომ „მაესტროს“ ძველი მენეჯმენტი ჟურნალისტების მხარედ ქცევას აპირებდა, რაც მაშინვე მიუღებელი აღმოჩნდა ჩემთვის და ეს იცოდნენ ჩემმა კოლეგებმა და ხელმძღვანელობამ. ჩემთვის მიუღებელი იყო ულტიმატუმი, რომ ხელფასს აიღებდა მხოლოდ ის, ვინც მაკა ასათიანის კომპანიასთან გააფორმებდა ხელშეკრულებას და მხოლოდ იმ თანამშრომლებს ექნებოდათ მუშაობის საშუალება, რომლებიც ლევან გაჩეჩილაძის სახელზე დაწერდნენ განცხადებას „სტუდია მაესტროდან“ წასვლის თაობაზე. ეს იყო ულტიმატუმი, რაც მიუღებელი იყო ჩემთვის. მე ვამბობდი, რომ ეს არის მხარედ ქცევა“, – ამობობს for.ge-სთან საუბრისას თამარ ილურიძე.
ეთერ გადაბაძეს ზეწოლასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს მარკეტინგის თანამშრომელი, ნელიბეგიაშვილი, რომლის განცხადებით, გადაბაძემ შეთავსებით იძულებით ამუშავა თანაშემწის თანამდებობაზე ისე, რომ ხელფასი არ გადაუხადა.
„აქამდე არ მითქვას, მაგრამ რადგან აცხადებს, რომ იტყუებიანო, ახლა ვიტყვი ყველაფერს. მისი თანაშემწე ორი კვირით წავიდა მივლინებით, მაგრამ 5 თვით დარჩა. თანახმა ვიყავი, რომ ორი კვირა შემესრულებინა თანაშემწის მოვალეობა, მაგრამ სურვილი არ მქონდა, რომ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე 5 თვე მემუშავა მის თანაშემწედ. რადგან გაირკვა, რომ ხუთი თვე უნდა მემუშავა, ვთხოვე, რომ დამატებით გადაეხადა თუნდაც მიზერული ხელფასი, ან სხვა თანაშრომელი მოეყვანა. მითხრა, რომ სხვას მოიყვანდა. რადგან ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო, გამოვერიდე ვითარებას და სხვა ოთახში გადავედი. შემომივარდა, დროზე გადმოდი და მიხედე თანაშემწის მოვალეობასო. ავუხსენი, რომ სხვა უნდა მოეყვანა, ვერ შევასრულებდი თანაშემწის მოვალეობას, ამაზე გაბრაზდა და მითხრა – ვის მოვიყვან შენი საქმე არ არის, რაც გავალია ის გააკეთეო. ხელფასს მხოლოდ რეიტინგების თვლაში ვერ გადაგიხდიო. სამი წელია ვკითხულობ რაში გიხდიან ხელფასსო – ძალით და შანტაჟით მამუშავა ორი თვე. ბოლოს შეურაცხყოფა მომაყენა, დებილი მეძახა, პირდაპირ მითხრა დებილი ხარო. ორი თვე ავიტანე ასეთი შეურაცხყოფა ამ ქალისგან“, – ამბობს ნელი ბეგიაშვილი.
როგორც ბეგიაშვილი აცხადებს, მისთვის გაუგებარია იმ ჟურნალისტების პოზიცია, რომლებიც გადაბაძეს გვერდით დგანან.
„მიკვირს, რატომ სჯერათ ამ ადამიანის, რომელმაც 3 წლის განმავლობაში ფაქტობრივად გაანადგურა ტელევიზია. 30 გადაცემიდან 27 დახურა. მისი უაზრო ქმედებების გამო, წამყვანმა ჟურნალისტებმა დატოვეს ტელევიზია. აცხადებს, რომ არ ვერეოდი სარედაქციო დამოუკიდებლობაშიო, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მე ვიყავი თანაშემწე და ვხედავდი როგორ ატერორებდა ჟურნალისტებს. ვერ ვამბობდით იმას რასაც ვფიქრობდით“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ნელი ბეგიაშვილმა.
განსხვავებული პოზიცია აქვთ ჟურნალისტების მეორე ნაწილს, რომლებიც ეთერ გადაბაძეს მხარეს აღმოჩნდნენ. იმისათვის, რომ დუღილის ტემპერატურა არ გადასცდეს დაშვებულ ნორმას და პროცესი არ გახდეს შეუქცევადი, ისინი მთავარ მოთხოვნად 5 პუნქტიან მოთხოვნას აყენებენ: ტელეკომპანიის ეთერს დაუბრუნდეს ლოგო და სახელი; ლევან გაჩეჩილაძეს შეუწყდეს დირექტორის ფუნქცია და პასუხისმგებელ პირად დაინიშნოს ნეიტრალური ადამიანი შეთანხმების საფუძველზე; ტელეკომპანიის მიმდინარე საქმიანობაში არ ჩაერიოს არც ყოფილი, არც ახლანდელი დირექტორი, არც დამფუძნებლები; უახლოეს დღეებში დაიფაროს მიმდინარე სახელფასო დავალიანება და მოლაპარაკების პერიოდში მხარეებმა და მათმა წარმომადგენლებმა თავი შეიკავონ საჯარო განცხადებებისაგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები