იანვარ-თებერვალში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1413 მილიონი დოლარი შეადგინა

2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1413 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 პროცენტით ნაკლებია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ექსპორტი 281 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (13 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1132 მლნ. აშშ დოლარს (1 პროცენტით მეტი).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-თებერვალში 852 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 60 პროცენტი შეადგინა.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება 2011-2016 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით.
2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 532 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 38 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 77 მლნ. აშშ დოლარი იყო (28 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 454 მლნ. აშშ დოლარი (63 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 38 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 28 პროცენტი და იმპორტში 40 პროცენტი (2015 წლის იანვარ-თებერვალში შესაბამისად 27, 33 და 25 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 44 პროცენტი (2015 წლის იანვარ-თებერვალში 22 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-თებერვალში 353 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2015 წელთან შედარებით 18 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 74 მლნ. აშშ დოლარი (33 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 279 მლნ. აშშ დოლარი იყო (12 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 25 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 26 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი (2015 წლის იანვარ-თებერვალში შესაბამისად 30, 34 და 29 პროცენტი). 2016 წლის იანვარ-თებერვალში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 24 პროცენტი (2015 წლის იანვარ-თებერვალში 26 პროცენტი).
2016 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: ირლანდია (209 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (199 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (117 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (109 მლნ. აშშ დოლარი).
როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, 2016 წლის იანვარ-თებერვალში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 57 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 20 პროცენტი შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 23 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 8 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე თხილის და სხვა კაკალის ჯგუფი იმყოფებოდა.
ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 21 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-თებერვალში სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 235 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 21 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის აირების და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი 88 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 63 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები