მფარველობდა თუ არა ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროში მეგის ქარდავას გარემოცვას?

ბოლო დღეებში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე „თავისუფალი დემოკრატები“ და, პირადად, ირაკლი ალასანია აღმოჩნდა, აღნიშნულთან დაკავშირებით გაზეთი „პრაიმტაიმი“ დღევანდელ ნომერში ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ავტორის განმარტებით, არსებული ვითარების ფონზე ირაკლი ალასანიას მისამართით გარკვეული კითხვები გაჩნდა. კერძოდ კი, როგორ შეინარჩუნეს მეგის ქარდავას კადრებმა მათი გავლენა თავდაცვის სამინისტროში და რის სანაცვლოდ შეცვალა ალასანიამ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 2012 წლის არჩევნებამდე სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნების დასჯა მან ერთ-ერთ მთავარ გეგმად გაიხადა?
ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ წინა წლებში პოლიტიკური ფიგურებისა და სხვა ცნობილი სახეების ფარულ მიყურადღებაზე ერთდროულად ძალოვანი უწყების რამდენიმე დეპარტამენტი მუშაობდა. ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს, ე.წ. ოტოს ებარა სატელეფონო მოსმენები, კუდ-ს კი – მიყურადება-თვალთვალი და არასანქცირებული მოსმენები სპეციალური კომპიუტერული ვირუსის გამოქვეყნებით.
სწორედ ამ ფაქტზე დააკავეს, 2012 წელის ნოემბერში, კუდ-ის ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი – ვასილ ჯამალაშვილი სხვა 4 მაღალჩინოსანთან ერთად. რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ვიდეოჩანაწერებს, მათ შექმნას, ძირითადად, თავდაცვის სამინისტროს პოლიცია უზრუნველყოფდა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გასულ კვირას ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, სამხედრო პოლიციის ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც დეტალურად აღწერა, როგორ ხდებოდა პოლიტიკოსების და სხვა ცნობილი ადამიანების ინტიმური ცხოვრების ფარულად გადაღება, დაასახელა იმ პოლიტიკოსების გვარები, ვისზეც ამ სახის კომპრომატები იქნა მოძიებული და ისიც გაიხსენა, თუ როგორ და ვინ გაიტანა ეს კადრები.
„პრაიმტაიმთან“ საუბრისას წყარო პროკურატურის მიერ დაკითხული მაღალჩინოსნის ვინაობას არ ასახელებს. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მას კადრების გავრცელების საქმეზე საგამოძიებო ორგანოებისთვის მიშვნელოვანი ინფორმაცია მიეწოდებინა, მათ შორის ისიც, თუ რის ფასად ინარჩუნებდა პოსტებს მეგის ქადავას გარემოცვა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში მეგის ქარდავა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გახლდათ. დეპარტამენტს კი ლევან ზაქრაძე ხელმძღვანელობდა. 2012 წლის შემდეგ აღძრულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ზაქრაძე განმარტოვდა: ოფიციალურად კი ვიყავი სამხედრო პოლიციის უფროსი, მაგრამ ჩემს დეპარტამენტს ჩემი მოადგილე განაგებდა და მე არაფერ შუაში ვარო. ასეც რომ იყოს ჩნდება კითხვა – რაში იღებდა ის თვეში დაახლოებთ 6 ათას ლარს და არის თუა არა ეს სამსახურებრივი გულგრილობა – როგორც მინიმუმ?
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ლევან ზაქრაძის სახელი ფიგურირებს 2011 წელს სამხედრო პოლიციის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავეული ოთხი პირის – სერგო თეთრაძის, დავით ლონდარიძის, სერგეი ჩაპლიგინისა და გია გორელაშვილის საქმეშიც. ცნობილია, რომ თეთრაძის სახლში 12- მდე სამხედრო პოლიციელს შორის, რომლებმაც სახლი სასამართლოს დადგენილების გარეშე გაჩხრიკეს, ლევან ზაქრაძეც იმყოფებოდა.
როგორც ჯაშუშობით ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი გორელაშვილი აცხადებდა, სერგო თეთრაძე სწორედ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ზაქრაძის კაბინეტში მისი თანდასწრებითა და მონაწილეობით აწამეს, ემუქრებოდნენ და მისგან არარსებული დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. ამ ფაქტის ერთ-ერთი მონაწილე კი სწორედ მეგის ქარდავა იყო.
რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, ავტორის განმარტებით, ალასანია სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსენებს ჯერ კიდევ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის პერიოდში ადანაშაულებდა. ალასანია ამბობდა, რომ ეს მისი ღირსების საქმე იყო და ის ყველაფერს გააკეთებდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დამნაშავე პირები სათანადოდ დაესაჯა. შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა, თუ რატომ დააწინაურა მინისტრმა ალასანიამ სამხედრო პოლიციის ის მაღალჩინოსნები, რომელთა დასჯაც პირადი ღირსების საქმედ მიაჩნდა?
გაზეთის ინფორმაციით, იგივე შეკითხვა აქვს გარდაცვლილი პოლკოვნიკის, სერგო თეთრაძის ოჯახსაც, რომელიც პროკურატურამ დაზარალებულად ცნო, ხოლო თავად თეთრაძეს კი ჯაშუშობის ბრალი მოუხსნა. ოჯახის ინფორმაციით, ხელახალი გამოძიების ფარგლებში სამხედრო პოლიციის უფროსმა ლევან ზაქრაძემ ყველა ის პირი ამხილა, ვინც თეთრაძის უკანონო დაკავებაში და წამებით სიკვდილში მონაწილეობდა, თუმცა მათი დიდი ნაწილი ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს ხელშეუხებელი აღმოჩნდა.
ექსპერტი ზაალ კასრელიშვილი მიიჩნევს, რომ თავის დროზე ალასანიამ ეს გადაწყვეტილება სწორედ კომპრომიტირების არგასაჯაროების სანაცვლოდ მიიღო, აღნიშნულის შესახებ ის “პრაიმტაიმს” ესაუბრა:
მათ არა მარტო ირაკლი ალასანიაზე, არამედ სხვა თანამდებობის პირებზეც ჰქონდათ მასალები ჯერ კიდევ მათი ოპოზიციაში ყოფნის პერიოდიდან. მათ ოპოზიციაშიც აშანტაჟებდნენ და იყო ასეთი წინადადებები – ან გამოგიქვეყნებთ, ან ფული აიღე და ჩვენზე იმუშავეო. ბევრმა ფული აიღო და ესეც ჩაუწერეს.
„- გამორიცხავთ, რომ ალასანიას საკადრო გადაწყვეტილებები სწორედ ამ ჩანაწერებს უკავშირდებოდეს?
– არა, დარწმუნებული ვარ, მან ამ კომპრომატების გამო დატოვა თანამდებობაზე კონკრეტული მაღალჩინოსნები, რომელთა საქმიანობის მიმართ ბევრი კითხვა არსებობს. მას, რა თქმა უნდა, ეტყოდნენ, შენზე გვაქვს ეს ფაქტები და თუ თანამდებობიდან გაუშვებ ამ ხალხს, ეს ყველაფერი დღის სინათლეს იხილავსო.
– დავუბრუნდეთ კვლავ თეთრაძის საქმეს….
– ერთ-ერთი, ვისაც სერგო თეთრაძის ოჯახი ადანაშაულებდა, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოების სამმართველოს მაშინდელი უფროსი ლევან გაბუნია იყო. მას სამხედრო წრეები გია დგებუაძის, იგივე „მასტერას“ მარჯვენა ხელი იყო. ალასანიას თავდაცვის მინისტრობის დროს გაბუნია კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს და გაჩნდა მოლოდინი, რომ მას, როგორც მინიმუმ, უწყებიდან გაუშვებდნენ, თუმცა მალევე ირაკლი ალასანიამ კამაოდ უცნაური და მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. გაბუნია კადრების განკარგულებიდან სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად დანიშნა. ის ამ თანამდებობას ხიდაშელის მისვლამდე ინარჩუნებდა. ხიდაშელის მისვლის შემდეგ კი ლევან გაბუნია პოსტიდან გაანთავისუფლეს და მის ნაცვლად სამხედრო პოლიცია პოლკოვნიკმა სერგო ძაგნიძემ ჩაიბარა. ძაგნიძე წლების განმავლობაში პროკურატურისა და უშიშროების სისტემაში მუშაობდა. ის იძიებდა ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეს“.
როგორც “პრაიმტაიმის” სტატიაშია ნათქვამი, ალასანიას მინისტრობის დროს, ისიც კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს და შემდეგ დააწინაურეს თეთრაძის საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი – ზაზა მჭედლიძე.
2012 წლამდე ის სამხედრო პოლიციის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოში მუშაობდა. ირაკლი ალასანიას დროს კი თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის ინსპექტირების სამმართველოს უფროსად დაინიშნა.
„ჩვენი დაკავება წამებისა და სერგო თეთრაძის მკვლელობის დამდგმელი რეჟისორი ზაზა მჭედლიძე იყო. სამხედრო პოლიციაში მას მაღალი თანამდებობა უკავია“,აცხადებდა თეთრაძესთან ერთად დაკავებული და ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული გია გორელაშვილი, რომელიც მოგვიანებით პოლიტპატიმრის სტატუსისთ გაანთავისუფლეს.
გაზეთი „პრაიმტაიმი“ ალასანიას” მაშინდელი უწყების მიერ სამხედრო მაღალჩინოსნების მფარველობის კიდევ ერთ მაგალითს იხსენებს, კერძოდ, თუ როგორ ჩაუდგნენ 2012 წლის 13 თებერვალს სამხედრო პოლიციაში უსაფრთხობისა და განსაკუთრებულ დავალებათა სამმაართველოს ხელმძღვანელს გიორგი კერესელიძეს თავდებად ალასანიას უწყების მღალჩინოსნები მათ შორის მინისტრის მოადგილე. თავად კერესელიძეს კი უფლებამოსილების გადამეტებას და სამხედროების მიმართ ძალადობრივი ქმედებების გამოყენებაში ადანაშაულებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები