რას ფიქრობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე?

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებამ ინტერნეტსივრცეში საზოგადოების საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. გაზეთმა „პრაიმტაიმმა“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან, თამარ ქალდანთან ინტერვიუ ჩაწერა. ქალდანის თქმით, ოჯახური საიდუმლოს, ან კიდევ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფა სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელზე რეაგირებაც მხოლოდ საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციაა.
-ქალბატონო თამარ, ინტერვიუს დასაწყისშივე მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტოთ თქვენი უფლება-მოვალეობები, ვინაიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი გქვიათ, ბევრს ჰგონია, რომ სწორედ თქვენ ხართ მთავარი გარანტი იმისა, რომ პირადი მოანცემები საჯარო სივრცეში არ ჟონავდეს.
-პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტიტუტი, რომელიც 2013 წელს შეიქმნა, ზედამხედველობას უწევს „პერსონალურ მონაცემთა“ დაცვის შესახებ კანონის აღსრულებას, იხილავს მოქალაქეთა განცხადებებს, ამოწმებს საჯარო და კერძო ორგანიზაციების მიერ მონაცემების დამუშავების კანონიერებას, კონსულტაციას უწევს ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების ფარგლებში. ინსპექტორის უფლებამოსილება შემოიფარგლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებით. ეს შეიძლება ეხებოდეს სხვადასხვა ტიპის პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის ჯანმრთელობის,ფინანსური, გენეტიკური თუ ბიომეტრული მონაცემების უკანონოდ დამუშავებას. მათზე უკანონოდ წვდომას და ა.შ.
რაც შეეხება პირადი ან ოჯახური საიდუმლოს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის ფაქტს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ეს არის დანაშაული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, რომელზე რეაგირებაც უკვე საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციაა.
-რაც შეეხება ბოლო დღეებში გავრცელებულ ჩანაწერებს, როგორ ფიქრობთ, რასთან გვაქვს საქმე და რა ბერკეტები არსებობს ამ ტერორის შესაჩერებლად?
-ეს არის დანაშაული, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაშიც ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური გამოძიება, დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემაა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთიანობა და ნეიტრალური დამოკიდებულება პირადი ცხოვრების უფლებაში უხეში და უკანონო ჩარევის მიმართ.
სწორედ ეს დავინახეთ ამ დღეებში. ადამიანები ღიად საუბრობდნენ და სამართალდამცავ ორგანოებს აწვდიდნენ ინფორმაციას მათი შანტაჟის შესახებ. ისინი მკაფიოდ აფიქსირებდნენ თავაინთ აზრს დანაშაულთან შეურიგებლობის თაობაზე. საზოგადოების ასეთი მიდგომა და მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ყველა მსხვერპლს, რომ განაცხადოს, დანაშაულისა და შანტაჟის შესახებ. ამასთანავე, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში პირად ცხოვრებაში ჩარევის შესაძლებლობების გათვალისწინებით უნდა გაგრძელდეს ამ რისკების ადვეკვატური საკანონმდებლო და პრაქტიკური მექანიმზმების დანერგვა.
-რამდენად ფლობს თქვენი სამსახური მიმდინარე გამოძიებაზე ზედამხედველობის მექანიზმებს?
-კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი არ არის გამოაძიებო ორგანო და ჩვენ არც გამოძიებაზე ზედამხდეველობის ფუნქცია არ გაგვაჩნია.
-ფიქრობთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა მსგავსი ტიპის დანაშაულის მიმართ საკმაოდ ლიბერალურია და უჭერთ თუ არა მხარს კანონის გამკაცრებას?
-სასჯელის გამკაცრებას ითხოვს სამოქალაქო ორგანიზაციები და ამ თემაზე, როგორც ვიცი, საქართველოს პარლამენტიც გეგმავს მსჯელობას. ჩვენ ვართ ამ განხილვებში ჩართულნი.
-აქვთ თუ არა სამართლადამცავ ორგანოებს ამ მასშტაბის დანაშაულის გამოძიების შესაძლებლობა?
-ვიცით, რომ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება 2016 წლის 11 და 14 მარტს გავრცელებულ მასალასთან დაკავშირებით და გამოძიების პროცესში 3 უწყების თანამშრომლები არიან ჩართულნი. ასევე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თხოვნა გაეგზავნა აშშ-ს კომპეტენტურ ორგანოებსაც. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დახმარებით შესაძლებელი გახდება დანაშაულთან კავშირში მყოფი ყველა პირის გამოვლენა.
-შესაბამის სამართლადამცავ სტრუქტურებში რამდენად დაცულია პერსონალური მონაცემები და რამდენად რიდია მათი გაჟონვის რისკი ისევ იმ სამსახურებიდან?
-2015 წელს ინსპექტორის აპარატმა რამდენჯერმა შეამოწმა შინაგან საქმეთა სამინისტროში მონაცემების დამუშავების კანონიერება. 2014 წლის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოაწესრიგა სამინისტროს ინფორმაციულ რესურსებთან თანამშრომელთა დაშვების საკითხები. განისაზღვრა სამინისტროში პერსონალურ მონაცემების შენახვის წაშლისა და დაარქივების ვადები, გამკაცრდა თანამშროელთა მიერ მონაცემთა ბაზებზე წვდომის კანონიერების კონტროლი.
2015 წელს ინსპექტორმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ კონკრეტულ პირთა მონაცემთა დამუშავების რამდენიმე შემთხვევა შეისწავლა. მათ ნაწილში სამინისტროს მხრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის დარღვევა არ გამოვლინდა, ან პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხდა ხანდაზმულობის ვადის გამო. ხოლო 2 შემთხვევაში სამინისტროს დაეკისრა ადმიისტრაციულ პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით და დაევალა ხარვეზების კონკრეტულ ვადებში და წესით აღმოფხვრა.
მონაცემების გაჟონვისა და რისკების და მონაცემებზე უკანონო წვდომის მინიმუმამდე შესამცირებად უმნიშვნელოვანესია, ორგანიზაციების მხრიდან გატარდეს ტექნიკური ზომები მონაცემების დაცულობისთვის და დაინერგოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის პოლიტიკა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები