რა თაღლითური სქემა აქვთ VIVUS. GE-ს და სხვა ონლაინსესხებს?

ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ონლაინსესხები. ეს კომპანიები ბანკებისგან განსხვავებით, საზოგადოებას სესხის აღების საკმაოდ გამარტივებულ გზას სთავაზობენ. ხშირ შემთხვევაში, ამისთვის მხოლოდ საჭიროა კონკრეტული ონლაინსესხების ვებგვერდზე დარეგისტრირება. მაგალითად, VIVUS. GE-ს მთავარ გვერდზე მოცემულ კალკულატორზე მიუთითებთ სასურველ თანხასა და ვადას. შემდეგ დააჭერთ ღილაკს სესხის აღებას და ავტომატურად გადახვალთ რეგისტრაციის გვერდზე, სადაც უნდა მოითხოვოთ პერსონალური ინფორმაცია.
რეგისტრაციის აპლიკაცია უმარტივესია და მოიცავს მხოლოდ რამდენიმე ველს. გვარი, სახელი, ელფოსტა, პირადობის ნომერი და ყოველდღიური შემოსავალი. ამ ველის შევსების შემდეგ თქვენ ავტომატურად რეგისტრირდებით საიტზე, იღებთ მომხმარებლის კოდს, რისი მეშვეობითაც შეგიძლიათ უკვე დამტკიცებული სესხის მიღება. მთელი ეს პროცედურა საკმაოდ მარტივია და ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია. გამომდინარე აქედან, რისკები საგრძნობლად მაღალია. მთავარი რისკი კი ის გახლავთ, რომ შესაძლებელია ვიღაც არაკეთილმოსურნემ ნებისმიერი თქვენგანის პირადი მონაცემებით ისარგებლოს და თქვენი სახელით ონლაინსესხი გამოიტანოს.
გაზეთი „პრაიმტაიმი“ მის დღევანდელ ნომერში ონლაინსესხების თაღლითურ სქემას ვრცელ სტატიას უძღვნის. ავტორის განმარტებით, კომპანია „ვივუსი“ თაღლითობის ინფორმაციაზე შეტყობინების მიუხედავად, მომხდარზე არ რეაგირებს. თუმცა, სამაგიეროდ, დაზარალებულის საქმეს სასამართლოში გადასცემს. საკანონმდებლო ხარვეზის გამო, ამ შემთხვევების წინაშე უძლურია პოლიციაც. ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობით მსგავსი დარღვევები კვალიფიცირდება არა როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, არამედ, როგორც სამოქალაქო დავა.
ნინო მიქაუტაძე, დაზარალებული: „ჩემი მეგობრისთვის „ვივუსში“ გავაკეთე 650-ლარიანი სესხი. ამ კომპანიასთან შეხება მანამდეც მქონია, ამიტომ მომიხდა დადებითი პასუხი. მოხდა ისე, რომ ამ პიროვნებამ ვერ გადაიხადა ეს თანხა, რის გამოც მომიხდა გადავადება. შემდეგ ხელფასზე შარშან პირველ აპრილს დავფარე ძირითადი თანხა, დამრჩა მხოლოდ 91 ლარი, რომლის გადავადება ვითხოვე და ამაში დამატებით 15 ლარი გადავიხადე. გადავადება გავაკეთე პირველ მაისამდე და ამ დროს ჩვეულებრივ გადავიხადე ეს თანხა. ვიფიქრე, რომ პრობლემა მოგვარდა. ეს ბოლო თანხა, რომ ჩავრიცხე ტელეფონზე შეტყობინება არ მომსვლია, რომ სესხი დაიფარა. მივედი „ვივუსში“, სადაც მითხრეს, რომ შეტყობინება ვერ მოგივიდოდა, რადგან ხელახალი სესხია აღებული, 550 ლარის ოდენობითო. აღმოჩნდა, რომ იმ პიროვნებამ, რომელმაც იცოდა „ვივუსის“ ჩემი ანგარიში და კოდი, ჩემივე სახელით გააკეთა ახალი სესხი, ოღონდ საიტზე ჩემი ტელეფონის ნომერი თავისი ტელეოფონის ნომრით შეცვალა. შესაბამისად, სმს შეტყობინება, რომ სესხი დავფარე სწორედ მას მიუვიდა. სესხის დამტკიცების შემდეგ ხომ თანხა თქვენს საკრედიტო ბარათზე ირიცხება, მის ხელში როგორ აღმოჩნდა ფული?
აი აქ უკვე სხვადასხვაგვარ ხერხს მიმართავენ თაღლითები იმისთვის, რომ დამტკიცებული სესხი როგორმე ანგარიშიდან მათ ჯიბეში აღმოჩნდეს. ჩემს შემთხვევაში მოხდა ასე: ჩემ მიერ თანხის დაფარვის შესახებ სმს შეტყობინება ტელეფონზე მიიღო მან, მეორე დღესვე, ანუ 2 მაისს დამიკავშირდა და მთხოვა, ბარათზე თანხას გირიცხავ, რომელიც სასწრაფოდ სჭირდება ჩემს მეგობარს და იქნებ მიუტანოო. დამპირდა, შენს ვალსაც მალევე დაგიბრუნებო. სიმ-ბარათზე, მართლაც, დამერიცხა თანხა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს იყო ჩემი სახელით „ვივუსში“ დამტკიცებული ახალი სესხი და არა მის მიერ გადმორიცხული. რესპონდენტის განმარტებით, ამ შემთხვევაში პოლიციაც უძლურია, ვინაიდან მას არ აქვს შესაძლებლობა, სამოქალაქო დავაში ჩაერთოს. რაც შეეხება კომპანია „ვივუსს“, კომპანიაში მომხმარებლის მდგომარეობა არ გაითვალისწინეს და განცხადეს, რომ სესხი მასზე იყო და ის უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი პირი. კომპანიამ ვერც ანგარიშის დაბლოკვა მოახდინა და განაცხადა, რომ ეს მათ შესაძლებლობებში არ შედიოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები