ირაკლი ღლონტი თსუ-ს რექტორს მენეჯმენტს უწუნებს და მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადადგეს

„რეფორმატორების” თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ვლადიმერ პაპავას სუსტ მენეჯმენტს ვერ პატიობს და მოუწოდებს, მის მიერ დაკავებული თანამდებობა დაუყოვნებლიც დატოვოს.
ღლონტის განცხადებით, უნივერსიტეტი არასდროს უნდა მოექცეს სახელისუფლებო დაწესებულების ზეგავლენის ქვეშ. ამასთან, რეფორმატორების ლიდერი იმასაც აცხადებს, რომ მის მიერ დაკავებული თანამდებობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემაც უნდა დატოვოს.
„ვუყურებ ორ ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკად ჩამოყალიბებულ სტუდენტებს, ეს უკვე ტრაგედიაა. ვფიქრობ, ამაში დამნაშავეა ყველა ის პასუხისმგებელი ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, რომელიც ვალდებული იყო უნივერსიტეტის ეფექტური მენეჯმენტის წარმართვაზე. მე თვითონ ვსწავლობდი უნივერსიტეტში, რომლის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სტუდენტებისთვის შექმნილიყო ჯანსაღი გარემო სწავლა-განათლების მისაღებად და სტუდენტების პოლიტიკური ზეგავლენისგან დასაცვად, ეს იყო თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი (თეუსუ), რომლის რექტორის, ბატონი გურამ თავართქილაძის უშუალო დამსახურებით, უნივერსიტეტი და მისი არცერთი სტუდენტი, არასდროს მოვქცეულვართ არცერთი სახელისუფლებო დაწესებულებისა, თუ პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ. მე თვითონ გახლდით ამავე უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე და არასდროს ჩავრთულვართ პოლიტიკურად მართულ პროცესებში, არასდროს დაგვჭირვებია საპროტესტო აქციების გამართვა. ეს არ იყო მარტივი, ამის გამო რექტორს მწვავე დაპირისპირებაც ჰქონდა ხელისუფლებასთან, თუმცა, ჩვენ სტუდენტები ვიყავით აბსოლუტურად დაცული. უნივერსიტეტი წინა ხელისუფლების დაპირისპირებას შეეწირა და ის რექტორის გარდაცვალების შემდეგ უკანონოდ თსუ-ს მიუერთეს, ასე დასაჯეს პოლიტიკისგან შორს მდგარი ცოდნის ტაძარი, თუმცა პოლიტიკური სიბინძურისგან ასე გადავრჩით ჩვენ. როცა მე მაქვს ღირსეული რექტორის მაგალითი, ვერ ვპატიობ თსუ-ს რექტორს სუსტ მენეჯმენტს და სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ მას დღევანდელ მწვავე პროცესთან მიმართებით, ლადო პაპავამ დღეს უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. თანამდებობიდან გადადგომას ვურჩევ ასევე მინისტრს, რომელსაც არ უსმენენ სტუდენტები, და მიმაჩნია, რომ სტუდენტებისთვის არაავტორიტეტულმა თანამდებობის პირებმა უნდა დატოვონ თანამდებობა”, – ნათქვამია ღლონტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები