გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნა – „პასუხისმგებლობას ვაკისრებ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნა. გაფრინდაშვილის განცხადებით, მისი მისამართით გაჟღერებული ბრალდებები აბსურდულია, თუმცა კანდიდატურას ხსნის, რადგან არ სურს, მის გამო უნივერსიტეტში დაპირისპირება მოხდეს.
გიორგი გაფრინდაშვილი პასუხისმგებლობას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას აკისრებს.
„ვხსნი ჩემს კანდიდატურას უნივერსიტეტის სასარგებლოდ იმის გამო, რომ უნივერსიტეტი დაუბრუნდეს სასწავლო გარემოს. ჩემთვის უნივერსიტეტში ყოფნის და თანამდებობის დაკავების ძირითად მოტივაციას წარმოადგენდა ის, რომ უნივერსიტეტი ყოფილიყო კიდევ უფრო წარმატებული და ის ახალგაზრდული ენერგია მიმართული ყოფილიყო უნივერსიტეტის გაჯანსაღებისგან.
რაც შეეხება შექმნილ პროცესებს, მე მორალური პასუხისმგებლობა არ მექნება, არ მოვხსნა კანდიდატურა, იქიდან გამომდინარე, რომ მოხდეს დაპირისპირება უნივერსიტეტში ჩემ გამო. თუმცა ის ბრალდებები, რომელიც გაისმის ჩემი მისამართით, აბსურდულია და სწორედ ამ არაჯანსაღმა პროცესმა, რომელიც შეიქმნა უნივერსიტეტში, არ მისცა კოლეგიურ დაწესებულებებს შესაძლებლობა, მიეღოთ გადაწყვეტილება და ყველაფერი ყოფილიყო უნივერსიტეტის წესდების ჩარჩოებში, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ. მე ვხსნი ჩემს კანდიდატურას, მაგრამ პასუხისმგებლობას ვაკისრებ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, რომელმაც ვერ უზრუნველყო აღნიშნული პროცესი“, – განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები