თამარ ქალდანი ვიდეოკადრებზე: მთავარი მექანიზმი ძალიან ეფექტური და სწრაფი გამოძიება უნდა იყოს

ყველა პირი, რომელსაც ეს მასალა უკანონოდ მოპოვებული თუ გავრცელებული აქვს, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა მიეცეს შესაბამის პასუხისგებაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განუცხადა.
თამარ ქალდანის თქმით, ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება მყისიერი და ეფექტური უნდა იყოს.
“მთავარი მექანიზმი უნდა იყოს ძალიან ეფექტური და სწრაფი გამოძიება, რათა პასუხი გაეცეს კითხვებს და, მეორე მხრივ, კომპლექსური მიდგომა, რომელიც მხოლოდ კანონმდებლობის ან სასჯელის გამკაცრებაზე საუბრით არ უნდა შემოიფარგლოს.
კომპლექსური მიდგომაა საჭირო, რათა ასეთი ტიპის ინფორმაციის მოპოვება და გავრცელების პრევენცია განხორციელდეს. მიუხედავად იმისა როგორი იქნება პრევენცია, ასეთი ტიპის დანაშაულზე რეაგირება ძალიან მკაცრი უნდა იყოს და ყველა პირი, რომელსაც ეს მასალა უკანონოდ მოპოვებული თუ გავრცელებული აქვს, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა მიეცეს შესაბამის პასუხისგებაში. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე როგორც საზოგადოების კონსოლიდაცია, რომ პირად ცხოვრებაში ასეთი უხეში ჩარევა საქართველოს ყველა მოქალაქისათვის არის მიუღებელი. ჩვენ სახელმწიფოსთან ერთად კონსოლიდირებულად წინ უნდა აღვუდგეთ ამ მძიმე დანაშაულს”, – განაცხადა თამარ ქალდანმა.
ცნობისთვის, ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა. კადრებში პირების სახეები დაფარულია. ვიდეოს თან ახლავს ტექსტი, სადაც მასალის ავტორი პოლიტიკოსებს მუქარით მიმართავს და მოუწოდებს, პოლიტიკიდან წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებით ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები