თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სპეციალური განცხადებით ეხმაურება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. სანიკიძის უწყება გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, სტუდენტთა ნებისმიერი გაერთიანების წარმომადგენლებთან, რათა საკანონმდებლო სივრცე მაქსიმალურად უზრუნველყოფდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის გამჭვირვალე, თანასწორუფლებიან და სამართლიან სისტემას სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის აქტიური ჩართულობით.
„უნივერსიტეტი, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს აკადემიური საქმიანობის სივრცე, სადაც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ექნებათ დამოუკიდებლად სწავლის, სწავლებისა და კვლევის, ასევე საკუთარი აზრისა და მოქალაქეობრივი პოზიციის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა სრული ავტონომიის პირობებში. მიუღებელია უნივერსიტეტის საქმიანობაში გარე ძალების, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე სხვა პოლიტიკური ჯგუფების ჩარევა ნებისმიერი ფორმით, ისევე როგორც სტუდენტებზე ზემოქმედების მცდელობა. დაუშვებელია უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების პოლიტიზება.
გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, სტუდენტთა ნებისმიერი გაერთიანების წარმომადგენლებთან, რათა საკანონმდებლო სივრცე მაქსიმალურად უზრუნველყოფდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის გამჭვირვალე, თანასწორუფლებიან და სამართლიან სისტემას სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის აქტიური ჩართულობით. ვიმედოვნებთ, რომ სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, უნივერსიტეტის მმართველი ორგანოები და ადმინისტრაცია უზრუნველყოფენ უნივერსიტეტში არსებული პრობლემების გადაჭრას კონსტრუქციული დიალოგის გზით, რათა თავიდან იქნას აცილებული სტუდენტების შორის დაპირისპირება და ნებისმიერი სახის პროვოკაცია. ღრმად გვწამს, რომ სხვადასხვა პოზიციის მქონე სტუდენტებს ამოძრავებთ უნივერსიტეტის უკეთესი მომავლის სურვილი, რამაც ყველა უნდა გაგვაერთიანოს“,-აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები