„ყველაფერი კეთდება, რომ თურქეთში სიტუაციამ მაქსიმალურ დესტაბილიზაციას მიაღწიოს“

ექსპერტმა მამუკა არეშიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ანკარის ტერაქტზე ისაუბრა. არეშიძის განმარტებით, ერდოღანის ხელისუფლების აგრესიულმა პოლიტიკამ, მის წინააღმდეგ როგორც მეზობლების, ისე ქვეყნით შიგნით არსებული ძალების აგრესია გამოიწვია. ტერაქტი კი შესაძლოა, როგორც ქურთების, ისე ისლამისტების მიერ იყოს ორგანიზებული.
„თურქეთში უაღრესად მძიმე ვითარებაა, რადგან ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში პრაქტიკულად სამოქალაქო ომი მიმდინარეობს თურქეთის ხელისუფლებასა და ქურთულ შეიარაღებულ ფორმირებებს შორის. „ქურთთა მუშათა პარტიის“ წევრები სხვადასხვა ქალაქში მუდმივად აწყობენ ექსცესებს. ეს ტერორისტული აქტი  ერთი მხრივ, შესაძლოა, ქურთების, მეორე მხრივ კი, ისლამისტების მიერ იყოს ორგანიზებული. თურქეთი თავისი არსებობის გარკვეულ ფაზაში შედის, სადაც, შეიძლება ითქვას, რომ მისი ტერიტორიული მთლიანობა ბეწვზე ჰკიდია. ერდოღანის ხელისუფლების აგრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია მის წინააღმდეგ აგრესია როგორც მეზობლების, ისე ქვეყნით შიგნით არსებული ძალებისა. ყველაფერი კეთდება, რომ თურქეთში სიტუაციამ მაქსიმალურ დესტაბილიზაციას მიაღწიოს“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.
არეშიძის განცხადებით, დარტყმა მიადგება ტურისტულ სეზონსაც თურქეთში. მისი თქმით, თუ ტერორისტული აქტები ინტენსიური არ იქნა, ტურისტულ ნაკადს არ გააქრობს, მაგრამ მკვეთრად შეამცირებს მას. თურქეთს 4 მილიონი ტურისტი წელს რუსეთიდან მოაკლდება. აქედან გამომდინარე, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს ევროპელებსაც გარკვეულწილად თურქეთში წასვლაზე უარს ათქმევინებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ანკარაში ტერაქტი მოხდა. შემთხვევა ადგილობრივი დროით 19.45 წუთზე, თურქეთის დედაქალაქის ცენტრში, გიუვენ პარკის მიმდებარედ, ავტობუსის გაჩერებასთან მოხდა. აფეთქების დროს იქ უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. ერთ-ერთი მუნიციპალური ავტობუსი მთლიანად დაიწვა. ცეცხლი გავრცელდა სხვა მანქანებზეც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემთხვევის ადგილზე ერთ-ერთი ავტომანქანა დანაღმული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები