ამირან სალუქვაძე ლარის გამყარებაზე: ახლა რატომ არ ჟრიამულობთ სიხარულისგან?

ვალუტის დევალვაციის დროს მედიის და საექსპერტო საზოგადოების მიერ პანიკის ატეხვა პირდაპირ უარყოფით ზეგავლენას ახდენს სავალუტო ბირჟაზე, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე წერს.
სალუქვაძე მიიჩნევს, რომ პანიკა ნებისმიერ ბირჟაზე, მათ შორის სავალუტოზეც, უარყოფით ზეგავლენას ახდენს.
“ლარის გამყარების ტენდენცია გრძელდება. გუშინ ოფიციალური კურსი 2.41 იყო, ერთ-ერთმა რადიომ კი 2.44 გამოაცხადა. დღეს ლარი ისევ გამყარდა. მოკლე პერიოდში, ფაქტიურად 2.5-დან 2.39-მდე ჩამოვიდა. დღეს სავალუტო ჯიხურებში სავაჭრო კურსია 2.38-2.39.
რაღაც არ მესმის, თუ ვარდნის დროს ნამდვილი პანიკა იყო აგორებული, ახლა რატომ არ ჟრიამულობთ სიხარულისგან?
მაშინაც აღვნიშნე და მინდა კიდევ ერთხელ დავწერო, რომ პანიკა ნებისმიერ ბირჟაზე, მათ შორის სავალუტოზეც, ახდენს ზეგავლენას. ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ 2 უმაღლესი განათლება მაძლევს იმის გარკვევის საშუალებას თუ რა ფაქტორები ახდენს ზეგავლენას ვალუტის კურსზე.
ვალუტის დევალვაციის დროს მედიის და საექსპერტო საზოგადოების მიერ პანიკის ატეხვა პირდაპირ უარყოფით ზეგავლენას ახდენს სავალუტო ბირჟაზე.
აბა სცადეთ და გამოაცხადეთ ფქვილის მარაგი იწურებაო და ნახავთ რაც მოხდება.
ახლა გააკეთეთ ანალიზი – რატომ მყარდება ლარი, რა ფაქტორები მოქმედებს. თუ ვარდნისას მეტწილად შიდა ფაქტორებს აბრალებდნენ, გამყარების ტენდენციაც შიდა ფაქტორებითაა თუ გარე ფაქტორებით? მაინტერესებს იგივე ექსპერტების ანალიზი.
ზოგიერთთა ლოგიკით ხომ არ გამოდის, რომ ვარდნა შიდა ფაქტორებით იყო, ხოლო გამყარება გარეთი?
კიდევ ერთი. რამდენიმე დღეა ბანკები (კერძოდ TBC ბანკი) უკვე გვთავაზობენ სავალუტო ჯიხურებთან მიახლოებული კურსით მომსახურებას. ალბათ გახსოვთ, რომ ბანკებს ძალიან დიდი გაცვლითი მარჟა ეჭირათ. ფაქტიურად ძარცვა იყო და არა გადახურდავება. ჩემი აზრით, ბანკების მიერ მარჟის შემცირება გარკვეულ სტაბილიზაციას უკავშირდება”, – წერს სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები