მესაქონლეობის ფერმა სოფელ შქმერში (ფოტოკოლაჟი)
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული მესაქონლეობის ფერმა დაათვალიერა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივმა ფერმერმა ფერმის მშენებლობისთვის შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით ისარგებლა, 150 000 ლარის ოდენობის სესხი აიღო და ზღვის დონიდან 1800 მეტრზე, სოფელ შქმერში მეცხოველეობის ფერმა ააშენა.
აღნიშნული ფერმა ჩართულია კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველოს“ მეცხოველეობის განვითარების პროექტში, რომლის ფარგლებში ადგილობრივი ფერმერებისთვის გენეტიკურად გაუმჯობესებული ადგილობრივი ჯიშის ძროხების გადაცემა და კომპანიის სპეციალისტების ზედამხედველობით მათი მოვლა-პატრონობა ხორციელდება.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, მაღალმთიან რეგიონებში წარმოების წახალისება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მესაქონლეობის დარგის განვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდეს.