ადვოკატი: ლევან მექვაბიშვილი გელა კალანდიას საერთოდ არ იცნობდა
„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულის, ლევან მექვაბიშვილის მეგობრის, გელა კალანდიას ადვოკატი ჟურნალისტებთან განმარტებებს აკეთებს.
ადვოკატ ლამარა ბარკალაიას მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მექვაბიშვილის არათუ მეგობარი იყო, არამედ საერთოდ არ იცნობდა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერზე თავდასხმაში ბრალდებულს.
მისივე თქმით, ჩხრეკა გელა კალანდიას საცხოვრებელ სახლში სწორედ მექვაბიშვილის ადგილსამყოფელის დასადგენად ჩატარდა, რის შემდეგაც მისი დაკავება ნარკოტიკების შეძენა-შენახვის მუხლით მოხდა.
ლამარა ბარკალაიას განმარტებით, სამართალდამცავებს, სავარაუდოდ, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მექვაბიშვილი თავს აფარებდა სწორედ კალანდიას საცხოვრებელ სახლს და მას ეძებდნენ კალანდიას სახლში, თუმცა, მას შემდეგ, რაც მექვაბიშვილის ყოფნა კალანდიას სახლში არ დადასტურდა, ამის შემდეგ მის სახლში ნარკოტიკული ნივთიერება იპოვეს.
„გელა კალანდია, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 6 მარტს დააკავეს. მას ბრალი წარედგინა 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება, შესაბამისად, ჩაუტარდა ექსპერტიზა, ის ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ არ აღმოჩენილა. ჩხრეკა იმიტომ ჩატარდა, რომ იყო, ალბათ ინფორმაცია, რომ მექვაბიშვილი მის სახლში იმალებოდა, მაგრამ, ნამდვილად, საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია არ ვიცი. ადამიანები საერთოდ არ იცნობენ ერთმანეთს და როგორ შეიძლება, რომ მის სახლში ყოფილიყო, კალანდია არც მექვაბიშვილს, არც პეტრიაშვილს, არ იცნობდა“, – აღნიშნა გელა კალანდიას ადვოკატმა ლამარა ბარკალაიამ.
კალანდიას ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი წარდგნელ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამასთან, გელა კალანდიას გარდა, მექვაბიშვილის ბიძა, ლევან გუნიაც არის დაკავებული. ლევან მექვაბიშვილის დედის განცხადებით, მისი ძმის მიმართ წარდგენილი ბრალდება არის აბსურდული და მის ოჯახზე ზეწოლა მიმდინარეობს.
საგამოძიებო უწყება გუნიასა და კალანდიას დაკავებას მექვაბიშვილის საქმეს არ უკავშირებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებული ორი დღის წინ დააკავა. ლევან მექვაბიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ლევან მექვაბიშვილი ამ დროისთვის ერთადერთი ბრალდებულია, რომელიც შსს-მ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დააკავა. შსს მექვაბიშვილის თანამზრახველს ეძებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.