ლევან გაჩეჩილაძე “მაესტროში”შეხვედრებს 17:00 საათიდან გამართავს

“მაესტროს” გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანია “მაესტროში” დღეს, 17 საათიდან შეხვედრებს გამართავს. აღნიშნული განცხადება გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა. მისივე განმარტებით, დღეს ის ტელეკომპანია “მაესტროს” ფინანსურ დირექტორს თემურ გაჩეჩილაძეს და გადაცემების “ბიზნეს-კონტაქტისა” და “საქმიანი დილის” ხელმძღვანელს გიორგი ისაკაძეს უნდა შეხვდეს.
“იწყება მართვის გადაბარების პროცესი, რომელიც არის ძალიან შრომატევადი დაწყებული შრომითი ხელშეკრულებებით, ასევე მიმდინარე პრობლემებით, კონტენტის მართვის სტრუქტურით და ა.შ.”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
„მაესტროს“ გენერალური დირექტორი მზად არის, რომ „მაესტროს“ ჟურნალისტებს შეხვდეს და მათ შეკითხვებს პასუხი გასცეს.
“ვისაც სურვილი აქვს, შევხვდები, ვისაც არა და კამერის გარეშე შევხვდები. თუ რაიმე უკამერო შეხვედრა იყო, ამაში მაინც გამოიჩინოს “მაესტრომ” მამაცობა, რომ თავისივე თანამშრომლებს, თავისივე თანამშრომლების მოთხოვნით, უკამერო სიტუაციაში შევხვდე”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას გაჩეჩილაძემ ისიც განაცხადა, რომ დღეს მან შეხვედრა გამართა მეურვესთან, სადაც განიხილეს გაკოტრების საკითხი, იჯარის ხელშეკრულებები და სხვა საკითხები. “ძალიან ბევრ შეხვედრებს ვმართავ. დღეს შევხვდი გაკოტრების მეურვეს. როდესაც არის გაკოტრების პროცესი, კომპანიას ჰყავს ორი დირექტორი – მეურვე და გენერალური დირექტორი. გავიცანით ერთმანეთი. ვისაუბრეთ გაკოტრების თემაზე, იჯარის ხელშეკრულებაზე, შრომით ხელშეკრულებებზე და ბევრ სხვა მიმდინარე საკითხზე, რომელიც საჭიროა ფინანსური და ადმინისტრაციული რეაბილიტაციისთვის”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები