ტექნიკური სამუშაოების გამო თბილისის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დღეს ღამიდან კომპლექსური ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.
როგორც „კვირას“ კომპანიიდან აცნობეს, სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ადგილას წარიმართება, კერძოდ, სავალდებულო საპროფილაქტიკო სამუშაოები განხორციელდება ღრმაღელე-ვაზისუბნის 1400 მმ-იანი გვირაბული წყალდენის სხვადასხვა მონაკვეთზე, ასევე, აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება ისნის რაიონში, 900 მმ-იან და 1400 მმ-იან მაგისტრალურ წყლის მილებზე.
პარალელურად, „ვაზისუბან 3“-ის რეზერვუარიდან გამომავალ 400 მმ-იან ქსელზე დამონტაჟდება ორი ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, უშაკოვის ხევში გამავალ 1400 მმ-იან მაგისტრალზე მოეწყობა დამატებითი დამცლელი ურდული, ხოლო კაპიტალური სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება ურიდიას ქუჩაზე მდებარე წყალმიმღებ კამერას.
კომპანია სამუშაოების განხორციელებას მიმდინარე წლის 10 მარტს, 00:30 საათზე დაიწყებს. იმის გათვალისწინებით, რომ ღრმაღელე-ვაზისუბნის გვირაბული წყალდენი გადის ნაძალადევის, ჩუღურეთისა და ისნის რაიონებში, კომპლექსური სამუშაოების ჩატარება მოითხოვს როგორც გვირაბის, ასევე მასში შემავალი და მომიჯნავე ქსელების წყლისგან დაცლას.
კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, 10 მარტის 00:30 საათიდან, 11 მარტის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ნაძალადევისა და ისნის რაიონების ქუჩების უმეტეს ნაწილს,
ასევე ჩუღურეთის რაიონის ზოგიერთ ქუჩას.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელი იქნება კომპანიის „ცხელი ხაზის“ – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის: http://www.gwp.ge/ka/dagegmili მეშვეობით.