გოგი თოფაძე: თურქეთიდან რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული?
იმას, რომ “გაზპრომიდან” მივიღოთ დამატებითი აირი, სულ სხვა პოლიტიკური ელფერი მიეცა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ პარლამენტში რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე “გაზპრომზე” საუბრის კონტექსტში განაცხადა.
თოფაძის თქმით, ნებისმიერი წარმატებული პროექტი, რასაც არსებული ხელისუფლება აკეთებს, კრიტიკის ქარცეცხლში ხდება.
“იმას, რომ “გაზპრომიდან” მივიღოთ დამატებითი აირი, სულ სხვა პოლიტიკური ელფერი მიეცა. ხვალ შეიძლება ირანიდან ან თურქმენეთიდან შემოვიდეს გაზი. ამაზე ააგეს საუბარი, რომ თურმე როგორ შეიძლება რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები დაიკავა და “გაზპრომთან” საუბარი არ შეიძლება, მწვანილის, ღვინის გატანა შეიძლება და თუ ასე ვუდგებით, მაშინ თურქეთიდან რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული? ნებისმიერი წარმატებული პროექტი, რასაც აკეთებს ჩვენი ხელისუფლება, კრიტიკის ქარცეცხლში ხდება. გაიხსენეთ, რა ამბავი დაგვაყარეს სამ ხეზე, სამი ხე, რომელიც არც არავის წაუღია და მთელი ტყეები გაჩეხეს საქართველოში. რა ამბავი იყო სამ ხეზე – ორი კვირა დავკარგეთ პარლამენტში, როდესაც მილიარდობით გაიტანეს ჩვენი ტყეები”, – განაცხადა თოფაძემ.
თოფაძემ ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს სამინისტროს წარმატებული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.