ინიციატივას, რომლის თანახმადაც ოჯახი ქალისა და კაცის ერთობაა, „რესპუბლიკელებიდან” ფრიდონ საყვარელიძე შეუერთდა
ქორწინების თემაზე “ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო წინადადებას, რომლის თანახმადაც ოჯახი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობაა, ფრაქცია “რესპუბლიკელებიდან” საკუთარი ხელმოწერით დეპუტატი ფრიდონ საყვარელიძე შეუერთდა. მისივე განმარტებით, “რესპუბლიკური პარტია” ცალსახად უჭერს მხარს იმას, რომ ქორწინება ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი, თუმცა, მისივე თქმით, პარტიაში ეჭვობენ, რომ კონსტიტუციაში სათანადო ცვლილებების განუხორციელებლობის შემთხვევაში, ეს სიკეთე შესაძლოა, გარკვეული საფრთხის ქვეშ დადგეს. საყვარელიძემ ასევე განაცხადა, რომ პარტიის წარმომადგენლები შესაძლოა, უფრო შორსმჭვრეტელები არიან, თუმცა პირადად მასში ემოციურმა, რელიგიურმა და ზნეობრივმა გრძნობებმა იმძლავრა.