ალექსი პეტრიაშვილი სამართალდამცველებს მადლობას უხდის

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი შს სამინისტროს ხელმძღვანელობას და სამართალდამცველებს მადლობას უხდის. როგორც პეტრიაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, შს სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა, გამომძიებლებმა და შესაბამისი ორგანოს თანამშრომლებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს, რომ მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე ეჭვმიტანილი დროულად დაეკავებინათ.
პეტრიაშვილის თქმით, იგი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი მხოლოდ ერთი პირია.
„გულწრფელად მინდა განვაცხადო, რომ შესაბამისი ორგანოების თანამშრომლები თავდაუზოგავად, დღე- ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. მუდმივად იყო კომუნიკაცია, მუდმივად იყო მცდელობა და მუშაობა გრძელდება. არ შემიძლია მადლიერება არ გამოვხატო შს სამინისტროს ხელმძღვანელობის და შესაბამისი ორგანოების თანამშრომლების მიმართ.
უბრალოდ ეს ერთი ადამიანი, როგორც მე გავიგე, ყველაფერს თავის თავზე იღებს და ამბობს, რომ ჩაქუჩიც, ბეისბოლის ჯოხიც, ის იარაღიც და ბურღიც -ყველაფერი მას ჰქონდა, ეს არის მცდარი. ეს ადამიანი, რომელიც არის დაკავებული, მას ჰქონდა ჩაქუჩი და მირტყამდა ჩაქუჩს“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ლევან მექვაბიშვილი ბორჯომში გუშინ დააკავა. სასამართლომ კი მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები