პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულის დედა დეტალებს ასაჯაროვებს

ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებულის, ლევან მექვაბიშვილის დედა მომხდარი ფაქტის დეტალებზე საუბრობს. მისი განცხადებით,  “თავისუფალი დემოკრატების” მდივანმა, ალექსი პეტრიაშვილმა მის შვილს შეურაცხყოფა მიაყენა.
„მე არაფერს ვადასტურებ. ადასტურებს ჩემი შვილი. ის ამბობს, პირადი საკითხი მქონდაო. მეტს ვერაფერს გეტყვით. ჩემი შვილი არ მინახავს დაკავების შემდეგ, შესაბამისად, ვერაფერს გეტყვით. ნაცნობი არ იყო პეტრიაშვილის, მაგრამ შეურაცხყოფა აქვს მიყენებულიო, ესეც გადმოცემით ვიცი”, – განუცხადა “2030”-ის ჟურნალისტს ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულის, ლევან მექვაბიშვილის დედამ.
თამარ მანჯგალაძის თქმით, სხვა დეტალები მისთვის უცნობია.
“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერ, ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. ის 7 მარტს, ბორჯომში დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე ალექსი პეტრიაშვილს თავს  შეიარაღებული პირები დაესხნენ. მათ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერს რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც მას ორი სასწრაფო ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები