შალვა ხუციშვილი საგზაო მოძრაობის ვიდეო კამერებით კონტროლის დადებით მხარეზე საუბრობს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საგზაო მოძრაობის ვიდეოკამერებით კონტროლის ახალ მეთოდსა და მის ეფექტურობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავს შემთხვევაში, მოქალაქე წესრიგს იცავს.
განცხადება ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
„როცა მოქალაქე ხედავს პოლიციას, ხედავს კამერას, ის იცავს წესრიგს. ვიდეოკონტროლის ახალი მეთოდით ჩვენ ხელში გვექნება უკვე არსებითად ახალი ინსტრუმენტი, რომელიც უკვე მოულოდნელობის ეფექტს იძენს და მოქალაქეებში მოძრაობის წესების დაცვას ავითარებს, მიუხედავად იმისა, ჩანს პოლიცია, თუ არა. პოლიციის ავტომობილი კამერით იქნება აღჭურვილი და გაივლის მხოლოდ იმ ქუჩაზე, სადაც წარწერები იქნება – ანუ წარწერები იქნება არა ავტომობილზე, არამედ თვითონ ქუჩაზე, იმ ტერიტორიაზე, სადაც მოძრაობს“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, კამერების გარდა, პოლიციის მანქანას ექნება ჯი-პი-ესი, რომლითაც მისი მარშრუტი გაკონტროლდება. მსგავსი მეთოდით აღჭურვილ მანქანას წინასწარ შედგენილი გეგმა და გრაფიკი ექნება. ეს მეთოდი საუკეთესოა იმისათვის თუ როგორ იმოძრაოს ავტომობილმა საცობების შემთხვევაში.
„ამგვარი ვიდეოკონტროლით შეგროვებული ინფორმაცია მხოლოდ საგზაო დარღვევებისთვის, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოიყენება. როცა თქვენ შუქნიშანზე დამაგრებულ ვიდეოკამერასთან გაივლით და იცით, რომ გიღებენ, ასევე იქნება იმ ქუჩაზეც, სადაც ვიდეოკამერებით აღჭურვილი პოლიციის მანქანა იმოძრავებს. ანუ თქვენს ცხოვრებაში რაღაც ფარული ჩარევა არ მოხდება, რადგან თქვენ ინფორმირებული იქნებით, რომ ქუჩაზე, სადაც მიდიხართ, ვიდეომონიტორინგი მიმდინარეობს. უბრალოდ, ვინ ახორციელებს მონიტორინგს ამას ვერ ვხედავთ. ეს არის განსხვავება, სხვა არაფერი“, – განმარტა შს მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, მოძრაობის ვიდეოკამერებით კონტროლი ახალი მეთოდია, რომელმაც საზოგადოებაში კანონის დაცვის ჩამოყალიბება უნდა მოიტანოს, მიუხედავად იმისა, ხედავს თუ არა პოლიცია მას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები