ირაკლი ჩიქოვანი: საქმე არ ჩაითვლება გახსნილად, სანამ დანაშაულის ყველა თანამონაწილეს არ დააკავებენ

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმა თავხედური დანაშაული იყო, რომელმაც საზოგადოებაში დაუცველობის განცდა გააჩინა.
მისივე თქმით, აუცილებლად უნდა დაისაჯოს თავდასმხაში მონაწილე ყველა პირი და მოხდეს საქმის გადაკვალიფიცირებაც.
„გვინდა დადებითად შევაფასოთ იქ ფაქტი, რომ შსს-მ ამ საქმის ერთ-ერთი შემსრულებელი უკვე დააკავა, რაც ჩვენი აზრით, აუცილებლად დაეხმარება გამოძიებას საქმის ბოლომდე მიყვანაში. ამის პირობა შს მინისტრმა ჩვენთან დადო, მასთან შეხვედრის დროს და „თავისუფალ დემოკრატებსა“ და საზოგადოებასაც, ამის მოლოდინი გვაქვს. ჩვენთვის – „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ საქმე არ ჩაითვლება გახსნილად, სანამ ამ საზარელი დანაშაულის ყველა თანამონაწილის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა არ მოხდება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ჩიქოვანი იმედს გამოთქვამს, რომ თავდასხმის მონაწილე სათანადოდ დაისჯება.
„აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი თავდამსხმელი – ამ დანაშაულის შემსრულებელი ჯერ კიდევ თავისუფალია. იმედს გამოვთქვამთ, რომ შსს იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ყველა დამნაშავეს უახლოეს მომავალში დააკავებს. ჩვენ – „თავისუფალი დემოკრატები კატეგორიულად მოვითხოვთ, გამოძიების ფარგლებში, საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალოს და ის გადაკვალიფიცირდეს, როგორც მკვლელობის მცდელობა“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტი გახსნა. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული ლევან მ. ბორჯომში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები