„საკითხი ასე არ დგას, რომ თავდაცვის მინისტრს და გარემოს დაცვის მინისტრს აქვთ რამე კითხვაზე პასუხი გასაცემი“
საკითხი ასე არ დგას, რომ თავდაცვის მინისტრს და გარემოს დაცვის მინისტრს აქვთ რამე კითხვაზე პასუხი გასაცემი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ დაწყებული მოკვლევის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“პროკურატურა, როდესაც საქმეს იწყებს, ამაზე მე ვერ გეტყვით, ეს რას ნიშნავს. ამაზე პროკურორმა უნდა განაცხადოს, რას ნიშნავს, რა იწყება, რატომ იწყება. პროკურატურა იძიებს საქმეებს, მერე ეს საქმეები, ზოგი სწრაფად მთავრდება, ზოგი დიდხანს ვერ მთავრდება, ზოგი სასამართლოში მთავრდება, ზოგი პროკურატურაში მთავრდება. ვის დაკითხვასაც გადაწყვეტს პროკურორი, მან უნდა თავად განაცხადოს. თუ ჩემთან აქვს ვინმეს რამე კითხვები, მზად ვარ, თქვენი ეთერის საშუალებით ყველას ვეუბნები, რომ მზად ვარ, გავცე პასუხები კითხვებზე. ამასობაში, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის სრული განცდა, რომ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა იქნება სწორი, აუცილებელი და საჭირო ნათქვამზეც, გაკეთებულზეც, გაუკეთებელზეც და ასე შემდეგ.
ასე, რომ აქ საკითხი ასე არ დგას, რომ თავდაცვის მინისტრს და გარემოს დაცვის მინისტრს აქვთ რამე კითხვაზე პასუხი გასაცემი. თუ მათ ვინმე რამე კითხვას დაუსვამს, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი პასუხს გასცემენ. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი არიან მართალნი სინდისთან, კანონთან და საკუთარ ამომრჩეველთან და ამასობაში კიდევ ვიმეორებ, კითხვები არ არის ცალმხრივი. კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს ყველამ და მოგვიწევს ყველას ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგარეჯოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყება საქმეს 332-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.