ეკა ბესელია: ელისაშვილმა პატიმარს, შეწყალების დადებითი შუამდგომლობის სანაცვლოდ, 50 ათასი ლარი მოსთხოვა
„ერთი პატიმარი წერს, რომ ელისაშვილმა მის ადვოკატს, შეწყალების დადებითი შუამდგომლობის სანაცვლოდ, 50 ათასი ლარი მოსთხოვა“,-ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ გაზეთ „პრაიმტაიმს“ პატიმრისგან მიღებულ წერილზე დაყრდნობით მიაწოდა.
როგორც დეპუტატი ამბობს, მან პატიმრებისგან რამდენიმე წერილი მიიღო, სადაც ელისაშვილის საეჭვო გარიგებაზე საუბრობენ.
„გამოძიება უნდა დაიწყოს. რამდენიმე წერილი მივიღე, სადაც პირდაპირ დანშაულის ნიშნები იკვეთება. და ამ წერილებს, ბუნებრივია, პროკურატურას ვუგზავნი. გამოიძიონ, დაადგინონ, ვის რას და რატომ სთხოვდა თანხას? ელისაშვილის მიმართ ეს ბრალდება უნდა გადამოწმდეს გამოძიების მიერ. მას ფაქტი და დოკუმენტი არ აქვს და ისე ააგორა მთელი ეს ცილისწამება. ბევრი წერილი მივიღე აღშფოთებული პატიმრების, რომლებიც ღიად და დაუფარავად წერენ ელისაშვილის ქმედებებზე. მე ვსაუბრობ კონკრეტულ განცხადებაზე, დოკუმენტზე, სადაც პატიმარი გამწარებული მწერს, რომ ის უსამართლოდ იმყოფება საპატიმროში დღემდე და მას სთხოვდა ელისაშვილი, ადოკატის საშუალებით საკმაოდ დიდ თანხას შეწყალების დადებითი შუამდგომლობის სანაცვლოდ. ბოლომდე მივყვები ამ პროცესს. თავადაც და ყველა ის პირი, ვინც მასთან ერთად ამ ცილისწამებით იყო დაკავებული, პასუხს აგებს.
ელისაშვილი თავად იყო ჩაფლული სხვადასხვა კორუფციულ საქმეში. კეთილსინდისიერი რომ არ იყო მისი საქმიანობა, ამაზე ალაპარაკდნენ ადამიანები. დააბრალო სხვას ის, რასაც შენ აკეთებ, ეს ერთ-ერთი მეთოდია სააკაშვილისეული და ამ გზას მიჰყვება ელისაშვილიც. ერთადერთი პირი საჯარო სივრცეში, ვისთანაც არანაირი თანამშრომლობა არ მქონია, ეს არის ელისაშვილი, როდესაც იგი შეწყალების კომისიის თავმჯდომარე გახდა. შემზარავია ის ქმედებები, რაც წინასწარ დაგეგმილი სქემით განიზრახა ელისაშვილმა სხვადასხვა თანამოაზრესთან ერთად“,-განუცხადა „პრაიმტაიმს“ ბესელიამ.
დეპუტატის თქმით, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს ალეკო ელისაშვილს სხვადასხვა პოლიტიკოსები აგულიანებენ, მათ შორის არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-იც.
„ის მარტო ნამდვილად არ არის. მას აგულიანებენ სხვადასხვა პოლიტიკოსები, მათთან ერთად ტელეკომპანია „რუსთავი 2“,-აღნიშნა დეპუტატმა.