„მე ვფიქრობ, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ პრემიერთან შეხვედრის აუცილებლობა არ არსებობს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, არ არსებობს იმის საჭიროება, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები პრემიერს შეხვდნენ.
„პრემიერთან შეხვედრა ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის საქმეზე არის მცდელობა, რომ მომხდარი ფაქტი ჩვენმა კოლეგებმა უფრო პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ. აღმაშფოთებელია, რაც ბუკა პეტრიაშვილთან მიმართებაში მოხდა. შსს-დან მე მაქვს ინფორმაცია, რომ ისინი ოპერატიულად და აქტიურად მუშაობენ საქმის გასახსნელად. მე ვფიქრობ, რომ თუ  ჩვენს კოლეგებს ინფორმაცია აინტერესებთ, ეს ინფორმაცია უფრო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და მისი ხელმძღვანელისგან უნდა მიიღონ. რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას, ბატონი გიორგი გახსნილი პოლიტიკური ფიგურაა და მას შეხვედრის არავითარი პრობლემა არ ექნება, თუმცა, ვფიქრობ, ამის აუცილებლობა არ არსებობს“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ალექსანდრე პეტრიაშვილი რამდენიმე დღის წინ ვაკის სასაფლაოზე დაჭრეს. მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები