ლაგაზიძე პეტრიაშვილის დაჭრაზე: როცა ამას დღისით, მზისით ბედავენ, ეს დაუსჯელობის სინდრომის ბრალია
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პაატა ბურჭულაძის „საქართველოს განვითარების ფონდის“ სახელით „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა.
ლაგაზიძის თქმით, ამ დანაშაულის ჩადენა დამნაშავემ გაბედა იმიტომ, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია გამეფებული. პოლიტოლოგმა ხელისუფლებას ურჩია, სხვის თეთრეულში ქექვის ნაცვლად, კრიმინალთან ბრძოლით დაკავდეს.
„უაღრესად შემაშფოთებელია ის, რაც მოხდა ბუკა პეტრიაშვილთან დაკავშირებით. დღისით, მზისით ესროლეს და სცემეს ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი. საზოგადოება ამაზე ფშვინავს და ჰგონია, რომ ეს განსაცდელი მის კართან არ ჩაიმუხლავს. სხვის თეთრეულში ქექვას ჯობია ხელისუფლება კრიმინალთან ბრძოლით დაკავდეს. ეს არის შედეგი ქაოსისა, რომელიც ხელისუფლებაშია. განუკითხაობა უკვე თავს იჩენს ყველა მიმართულებით, როგორც კრიმინალის, ისე სისტემური კორუფციის თვალსაზრისით. პოლიციელს უნდა დაუბრუნდეს პრესტიჟი და საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს დაუცველობის განცდა. როცა ამას დღისით, მზისით ბედავენ, ეს დაუსჯელობის სინდრომის ბრალია“,- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ალექსანდრე პეტრიაშვილი რამდენიმე დღის წინ ვაკის სასაფლაოზე დაჭრეს. მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.